გერმანელი ჟურნალისტის კითხვა NDI-ის მისიას - ევროკავშირის ქვეყნები, აშშ-იც ვერ აკმაყოფილებენ თქვენს რეკომენდაციებს, როდესმე დაფიქრებულხართ, ვინ ვართ ჩვენ, რომ განვსაჯოთ საქართველო?
დღეს თბილისში გამართულ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენციაზე კითხვა დასვა გერმანელმა ჟურნალისტმაც. იგი დაინტერესდა, იმ ფონზე, როდესაც მისიის რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ-ც ვერ აკმაყოფილებენ, რამდენად არსებობს საქართველოს განსჯის საფუძველი.
„ორი კითხვა მაქვს, თქვენ საქართველოში არაერთხელ ჩამოსულხართ, თუ გრძნობთ რაიმე განსხვავებას არჩევნებთან დაკავშირებით და რა არის ეს? და მეორე კითხვა – თქვენ თქვით, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველო უკვე არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასევე აშშ-იც ვერ აკმაყოფილებენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც თქვენ გააჟღერეთ. მაგალითისთვის, სიტყვიერი, ფიზიკური თავდასხმების პოლიტიკურ ოპონენტებზე. პარტიული პოლიტიკა ხშირად აფუჭებს საარჩევნო პროცესებს. გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში ახლახან მოგვიწია განმეორებითი არჩევნების გამართვა. ერთ-ერთ კანდიდატს აშშ-ში ძალიან კარგად გამოსდის სხვებზე თავდასხმები. ასე რომ, ვინ ვართ ჩვენ, რომ განვსაჯოთ საქართველო? როდესმე დაფიქრებულხართ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი კარგები, რომ გავაკრიტიკოთ საქართველო და ჩვენც გვიჩნდება პრობლემები?“, – მიმართა ჟურნალისტმა მისიის წარმომადგენლებს.
გერმანელი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ NDI -ის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, ევა ბუშამ აღნიშნა: „მოხარული ვარ, ამ კითხვას ვუპასუხო. ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, გვაქვს მისია, წავახალისოთ ინკლუზიური, გამჭვირვალე არჩევნები და დავეხმაროთ დემოკრატიას პროგრესირებაში. დემოკრატია არის პროცესი და ყველა ქვეყანამ უნდა იმუშაოს, რათა უზრუნველყოს დემოკრატიის განვითარება. მე ამას ყველა ქვეყანას ვეტყოდი. მადლობა ამ შესანიშნავი კითხვისთვის“.
კითხვას უპასუხა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმაც. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, არ უნდა გაივლოს ზედმეტად ბევრი პარალელი ევროკავშირში არსებულ ხარვეზებთან და უმჯობესია ფოკუსირება საქართველოზე.
„ძალიან ბევრი სამუშაოა წინ საქართველოსთვის. ახალი ის არის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, ამიტომ ქვეყნის გარედან ძალიან ბევრი აქტორი დააკვირდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი რეკომენდაციებით წარვადგინეთ ზომები, რომლითაც საქართველოს შეუძლია საარჩევნო პროცესები გაუმჯობესება, რომ დააფუძნოს ნორმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენს რეკომენდაციებში წამოვწიეთ, არ არის ახალი ქართველებისთვის, მათ შორის პოლარიზაცია, სიტყვიერი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთ შემთხვევაში – ფიზიკური თავდასხმები. ჩვენ უნდა გავიმეოროთ ეს გზავნილები, მათ შორის ხაზი გავუსვათ დადებით მხარეს და გავიმეოროთ უარყოფითი. ეს მრავალჯერ უნდა გავაკეთოთ. მხოლოდ ასე შეიძლება წინსვლა“, – განაცხადა ეკლუნდმა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა რაიმე განსხვავებას საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, პერ ეკლუნდმა აღნიშნა: „ვფიქრობ, ჯერ არ მაქვს სრული სურათი, ეს განვსაზღვრო. არის დადებითიც, თუმცა არის უფრო მეტი შესაძლებლობა პოზიტიური განვითარებისთვის“.