გერმანაში პროფესორი მოხალისეებს თავისივე შექმნილ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას უკეთებდა
გერმანაში პროფესორი მოხალისეებს თავისივე შექმნილ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას უკეთებდა

გერმანიის ქალაქ ლიუბეკის აეროპორტში ექიმი მსურველებს საკუთარ ვაქცინას უკეთებდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მედიცინის პროფესორი ვინფრიდ შტიოკერი გერმანიის ფედერალური კანონის დარღვევაში სდებენ ბრალს. როგორც მედია წერს, ექიმმა ლიუბეკის აეროპორტში აქცია მოაწყო და ყველა მსურველს სთავაზობდა მის მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას. პროფესორის აქცია სამართალდამცავებმა შეაჩერეს. მანამდე, მისი ვაქცინა სულ მცირე 50-მა ადამიანმა გაიკეთა.

2020 წლის აპრილში გერმანული მედია უკვე წერდა პროფესორ შტიოკერის შესახებ, რომელიც საკუთარ ლაბორატორიაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა. თავდაპირველად, მან პრეპარატი საკუთარ თავზე გამოსცადა, შემდეგ მეგობრებს და ოჯახის წევრებს გაუკეთა. მოგვიანებით, მისი ვაქცინის გაკეთების სურვილი ათეულობით მოხალისემ გამოთქვა.

2020 წლის ოქტომბერში ექიმმა მისი ვაქცინის დეტალური კვლევის მოთხოვნით პაულ ელრიხის ინსტიტუტს მიმართა, საპასუხოდ, ინსტიტუტმა პროკურატურას მიმართა.

თავად შტიოკერი ამტკიცებს, რომ მისი ვაქცინა „რეკომბინირებულ ანტიგენს ეფუძნება, რომელის მიღებაც სინჯარაში იოლი და იაფია“. ანალოგიური პრინციპით მოქმედებს ამერიკული კომპანია „ნოვავაქსისის“ მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლით რეგისტრაციის საკითხსაც ამჟამად ევროპის მედიკამენტების სააგენტო განიხილავს.

თუმცა, ექიმ ვინფრედ შტიოკერს არ ჰქონდა ოფიციალური ნებართვა მსგავსი კვლევები ჩაეტარებინა და მან ვერ წარადგინა ინფორმაცია მისი ვაქცინის სხვა ვირუსებისა და მიკროპლაზმებით დაბინძურების საფრთხის შესახებ, რაც ამ პრეპარატით აცრილების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. თავად პროფესორი ამტკიცებს, რომ მისი ვაქცინა 97%-ითაა ეფექტური.

1987 წელს პროფესორმა შტიოკერმა დაარსა კომპანია ევროიმუნი, რომელიც ავტოიმუნურ და ინფექციური დაავადებებს გამოვლენის მეთოდებს სწავლობს. ახლა ეს კომპანია 17 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2017 წელს შტიოკერმა კომპანია ამერიკულ კონცერნს მიჰყიდა 1,2 მილიონ ევროდ.