გეოლოგების ჯგუფი ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყრულ პროცესებს ეცნობა
გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის გეოლოგების ჯგუფი ცაგერის მუნიციპალიტეტში იმყოფება და ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე ეცნობა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური მეწყრული პროცესების პროვოცირება მოახდინა. ჩამოშლილმა მასამ საავტომობილო გზა დააზიანა და ათი ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.
„სააგენტოს გეოლოგებმა ოპერატიულად განახორციელეს პირველადი კვლევები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილი აქვს ძველი მასშტაბური მეწყრის გააქტიურებას. მეწყრის მასშტაბურობიდან და რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ზემოთ აღნიშნული გზის აღდგენა ვერ ხერხდება და მიმდინარეობს სოფლის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის დერეფნის შერჩევა, რაშიც აქტიურად არის ჩართული გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი. ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ გადაცემული იქნა შესაბამისი უწყებებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.