გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტმა „ნაფარეულის“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამჟამად, ადგილწარმოშობის დასახელებით „ნაფარეული“ იწარმოება როგორც თეთრი, ისე წითელი მშრალი ღვინო.
„XIX საუკუნის ბოლოს საქართველო ისევ ისეთ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იყო, როგორც სხვა წლებსა და საუკუნეებში. ისტორიული სირთულეები, გეოგრაფიული განლაგება, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარი, ჩრდილოეთის მეზობლობა და პატარა ქვეყნის ბედი – ეს მოცემულობა ჩანს და აისახება საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესზე, ყველა სფეროში. ქვეყნის განვითარების ყველა ნაბიჯი განპირობებულია იმით, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველო ამა თუ იმ დროს. იგივე მოხდა 1800-იანი წლების ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნის სტატუსი გვქონდა, მოსახლეობის შეძლებული და ინტელექტუალური ფენა მაინც ცდილობდა კავშირები გაება დასავლეთთან, ევროპულ ღირებულებებთან, გაეზიარებინა ქართული და ევროპული ტრადიცია ისე, რომ გამოჩენილიყო, რომ მენტალურად ჩვენც ევროპული ოჯახის წევრები ვართ. შესაბამისად, ღვინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებიც, როგორც ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ამ მცდელობების გამოძახილი იყო.
წინანდლის თავადი გარსევან ჭავჭავაძე ცდილობდა თავის მამულებში ევროპული მეთოდით დაეყენებინა ღვინო, იწვევდა ევროპელ სპეციალისტებს ღვინის მარნისა და წარმოების უკეთ გასამართად და გასაფართოებლად. გარსევანის შვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის შემთხვევაში ეს მოცემულობა შეიცვალა და 1885 წელს, რუსეთის სახელმწიფო სენატის გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძეების მამულებს უკვე კავკასიის სამეურნეო სამმართველო განაგებდა. ალექსანდრე პოეტი კაცი იყო, უყვარდა ვაზთან ურთიერთობა, მეურნეობაში პირადად იყო ჩართული, მამის დანატოვარ მამულებში დიდ დროს ატარებდა, ავრცელებდა ვაზის ახალ ჯიშებს, ყველა მსურველს უზიარებდა ცოდნას, ასწავლიდა სავენახე მიწების დამუშავებასა და ვენახის მოვლა-პატრონობას. თუმცა, რუსეთის გადაწყვეტილებით, მიწების შესყიდვის შემდეგ, ნაფარეულის ღვინოსთან დაკავშირებით ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების უფლება მთლიანად ჩამოერთვა და გადაწყდა, რომ ღვინის დაყენების ტექნოლოგია იქნებოდა ისეთი, როგორსაც მთავრობა მიიჩნევდა საჭიროდ. სოფელ ნაფარეულში აშენდა ღვინის სარდაფი და 1890 წელს საფერავის ჯიშის ყურძნიდან დამზადდა წითელი მშრალი ღვინო „ნაფარეული“. სულ მალე, ორ წელიწადში მას მოჰყვა თეთრი ღვინო რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. ღვინო „ნაფარეულის“ დაბადების თარიღადაც სწორედ 1890-1892 წლებია მიჩნეული.
ღვინის წარმოებამ დიდ წარმატებას მიაღწია. ღვინო „ნაფარეული“ გაიცნო და შეიყვარა ხალხმა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ „ნაფარეულის“ ღვინის ქარხანა მთლიანად გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში.
საბჭოთა პერიოდის შუა ხანაში, როდესაც „სამტრესტი“ მართავდა ქვეყანაში ღვინის წარმოებას, „ნაფარეულის“ ღვინომ საერთაშორისო კონკურსებზე არაერთხელ გაიმარჯვა. თეთრმა ღვინომ მოიპოვა 8 მედალი, მათ შორის, 1 ოქრო, 6 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, ხოლო წითელმა ღვინომ – 6 ოქრო და 2 ვერცხლი.
ამჟამად, ადგილწარმოშობის დასახელებით „ნაფარეული“ იწარმოება როგორც თეთრი, ისე წითელი მშრალი ღვინო. თეთრს აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა, ასევე უზადო, ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი, დახვეწილი გემო და გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი მინდვრის ყვავილების ტონებით. დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. მისი ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.
წითელი „ნაფარეული“ მუქი წითელი ფერის ღვინოა. აქვს უზადო, გემოზე სავსე, ვაჟკაცური, ექსტრაქტული, ხავერდოვანი და ჰარმონიული გემო გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით. დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. წითელი ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/-ლ-ს.
ნაფარეული, სანიორე, ჯუღაანი, ართანა, ფშაველი და ლალისყური ნაფარეულის მიკროზონის სოფლებია, გამორჩეული კლიმატით, რასაც, ძირითადად, რელიეფი და ჩრდილოეთის მხრიდან კავკასიონის ქედი, სამხრეთის მხრიდან კი მდინარე ალაზნის პირველი ტერასა განაპირობებს. მთისა და ალაზნის ტერასის შეერთება იწვევს სუსტად დაქანებულ შლეიფებს და გავაკებულ ადგილებს სუსტ დახრილობას ანიჭებს. ამიტომ აქ გაშენებული ვენახები მდებარეობითაც და კლიმატურადაც განსაკუთრებულია ვაზის მოსაყვანად.
„ნაფარეული“ წითელი მზადდება ამ მიკროზონაში მოწეული საფერავის და/ან საფერავი ბუდეშურისებურის ჯიშიდან, „ნაფარეული“ თეთრი კი მზადდება რქაწითლის ჯიშის ყურძნიდან. შესაძლებელია მას დაემატოს ამავე მიკროზონიდან მოყვანილი კახური მწვანეც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შერეული ჯიშის ყურძნის რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 15%-ს.
ორივე შემთხვევაში, წითელი და თეთრი ღვინო მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან. კრეფის დროს ყურძნის შაქრიანობა უნდა იყოს არანაკლებ 19%.
ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ნაფარეული“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს“, – აღნიშნულია სტატიაში.
დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შეგიძლიათ საქპატენტის ვებგვერდზე.