გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „გურჯაანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „გურჯაანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ღვინო „გურჯაანის“ ისტორია იწყება 1887 წლიდან, როდესაც გურჯაანის მიკროზონაში ვენახებს, მარნებსა და სარდაფებს ფლობდნენ ქართველი თავადები – იოსებ, მიხეილ, გიორგი და დავით ანდრონიკაშვილები.
„ეს ოჯახი გამოირჩეოდა დიდი სავაჭრო პოტენციალით. მათ ჰქონდათ მაღაზიათა ქსელი, ფილიალები, ახდენდნენ სწრაფ რეალიზებას თელავში, სიღნაღში, თბილისსა და ბაქოშიც კი. მომხმარებელს სთავაზობდნენ სხვადასხვა ტიპის ღვინოს: კახურ და ევროპულ მშრალ ღვინოს, ასევე, შემაგრებულ და საეკლესიო ღვინოებს. ფართო ასორტიმენტისა და სწორი მმართველობის შედეგად, ანდრონიკაშვილების ქსელი დიდი წარმატებით მუშაობდა და გურჯაანის ღვინის ცნობადობაც უფრო და უფრო იზრდებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1929 წლიდან კი გურჯაანის მხარეც ისე გადავიდა „სამტრესტის“ დაქვემდებარებაში, როგორც სხვა რაიონების მევენახეობა- მეღვინეობა. თუმცა, გამრავლებულმა ღვინის ქარხნებმა გამოიწვია დიდი გაუგებრობა – ქარხნებში ჩამოისხმებოდა 80-ზე მეტი დასახელების ღვინო, უმეტესობა ერთმანეთს ჰგავდა და მყიდველი ეტიკეტით ვეღარ ხვდებოდა, რომელი სახეობის ღვინო ესხა ბოთლში. ამ არეულობის მოსაწესრიგებლად, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მოხდა, თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ, ბრენდირება.
შეიქმნა სამარკო ღვინოები და ბაზარზეც გამოჩნდა კონკრეტული სახელები: მწვანე, კაბერნე, გურჯაანი, ყვარელი, რუისპირის მწვანე, მანავის მწვანე და ა. შ. ახალი ღვინოების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით პროფესორებს, ღვინის ტექნოლოგებს, რომლებიც სამეცნიერო და პრაქტიკული შრომით ქმნიდნენ ღვინის დაყენების მოდელებს სხვადასხვანაირი ტექნიკით. საბოლოო ჯამში, კახური ღვინოების სიაში გამორჩეულ ბრენდად დარჩა „გურჯაანი“. მას არაერთი წარმატება აქვს მოპოვებული საერთაშორისო დეგუსტაციებზე, დაჯილდოებულია 11 მედლით, მათ შორისაა 1 ოქრო, 9 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ამჟამად ადგილწარმოშობის დასახელების სახით რეგისტრირებული ღვინო „გურჯაანი“ თეთრი მშრალი ღვინოა, ღია ჩალისფერი, აქვს უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი და დახვეწილი არომატი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი და მინდვრის ყვავილების ტონები. დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს. ღვინო „გურჯაანი“ მზადდება მხოლოდ გურჯაანის მიკროზონაში მოწეული რქაწითლის ჯიშის ყურძნიდან, რომელიც შესაძლოა შეზავებულ იქნეს იმავე მიკროზონის კახური მწვანის ჯიშის ყურძნით, თუმცა, შერეული ყურძნის რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 15%-ს.
ღვინო მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან და ნაყოფის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 19%-ზე ნაკლები. გურჯაანის მიკროზონა საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. ამ საზღვრებშია მოქცეული შემდეგი სოფლები: კარდანახი, ბაკურციხე, კოლაგი, ვეჯინი, ძირკოკი, ჭანდარი, სოფ. გურჯაანი, ქ. გურჯაანის საგარეუბნო ზონა, კოტეხი, ჩუმლაყი, ახაშენი, ზეგაანი, ველისციხე, მუკუზანი, ვაზისუბანი, შაშიანი, კალაური, ვაჩნაძიანი და კახიფარი. გურჯაანის რეგიონისათვის დამახასიათებელი კლიმატი, ნიადაგების მრავალფეროვნება, რქაწითლისა და კახური მწვანე ჯიშების ყურძნის ამ ზონაში გამოვლენილი მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „გურჯაანის“ გამორჩეულ ორგანოლეპტიკურ თვისებებს. ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „გურჯაანი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2005 წლის 30 აგვისტოს“, – აღნიშნულია სტატიაში.
დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.