გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ბოლნისი“ საქპატენტში 2019 წლის 4 მარტს არის რეგისტრირებული.

„რატომ ვართ ღვინის სამშობლო? როგორ შეცვალა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ მსოფლიო ღვინის ისტორია? მეცნიერულად დასაბუთებულმა და საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა ამბავმა – ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდის და 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის შესახებ – აღიარა საქართველო იმ უძველეს ქვეყნად, სადაც ადამიანმა ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ველური ვაზი მოაშენა და მისგან ღვინო დააყენა.

ზოგადად, ეს მთელი ქვეყნისთვის საამაყო ამბავია. ქვემო ქართლის მხარეში კი ეს ფაქტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ რომ ბოლნისის მასალები არის უმთავრესი, რაც იმ რვა ათასწლოვან ისტორიასთან გვაკავშირებს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები, ეთნოგრაფიული მასალები, წერილობითი წყაროები, ხალხური თქმულებები, ლექსები, სიმღერები, დასახელებები – ყველაფერი გვიყვება ღვინოზე და ყველაფერში არის ღვინო. ამავე ჩამონათვალში შეგვიძლია გავაერთიანოთ მევენახეობის ტრადიციაც. ბოლნისის რეგიონში არსებული ორნამენტული ხელოვნების ნიმუშებიც კი თვალსაჩინოდ გამოსახავს მეღვინეობა/მევენახეობის მაღალ პროფესიულ დონეს და ხარისხს, რასაც ბოლნისმა უძველეს დროში მიაღწია. ღვინის დამუშავების სტანდარტულ მეთოდზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ბოლნისსა და ბორჯომში აღმოჩენილ, ძველი წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულის უძველეს მარნებშია ნაპოვნი თერმოსის მსგავსი ორმაგკედლიანი ქვევრები, რომლებიც სავარაუდოდ ღვინის თერმული დამუშავებისთვის იყო განკუთვნილი და ეს მთელ მსოფლიოში დღემდე უნიკალურ მოვლენად ითვლება.

ბოლნისისა და ღვინის ამბავი ვაზივით არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ამაზე საუბრობს მთელი მსოფლიო და ამაზე წერენ ქართველი ისტორიკოსებიც. მათ შორის, ივანე ჯავახიშვილი: „ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს ბოლნისში თეთრი, მწვანე და შავ-წითელი ყურძენი ცალ-ცალკე იკრიფებოდა და იწურებოდა …ხოლო გიორგი მთაწმინდელის გადმოცემით, ბოლნისის მიდამოებში დამზადებული ღვინოები სამ ხარისხად იყოფოდა: „მსუბუქი ღვინო“, „საშუალო“ და „უმჯობესი“ ღვინო, ანუ ღვინო კეთილი“.

დღემდე ასეა – ბოლნისის ღვინოების არჩევანი ერთგვარი პალიტრაა – ფერებისა და გემოების დიდი მრავალფეროვნებით: თეთრი, წითელი, ქარვისფერი, ვარდისფერი. ყოველი მათგანი იშვიათი და უნიკალური თვისებების მატარებელია.

სათითაოდ მივყვეთ ოთხივე სახეობის დახასიათებას:
„ბოლნისი თეთრი“ – ეს არის ღია ჩალისფერი შეფერილობის ღვინო. უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული და დახვეწილი არომატით, რომელსაც დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. თეთრი ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.

„ბოლნისი წითელი რა თქმა უნდა, მუქი წითელი ფერის არის. მას სხვა თვისებებთან ერთად გამოარჩევს ექსტრაქტული, ხავერდოვანი გემო. მასაც უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. წითელი ღვინის ფაქტობრივი მოცულობით სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები და შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.

„ბოლნისი ვარდისფერი“ – მისი სახელწოდება ღვინის შეფერილობიდან მომდინარეობს. ზემოთ აღნიშნული ღვინოების მსგავსად, მისი არომატი და გემო უზადო, ნაზი, რბილი, ხალისიანი და ჰარმონიულია. მისი დამზადების დროსაც, ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11 %-ზე ნაკლები და შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.

რაც შეეხება ქარვისფერ ბოლნისს, მისი ფერი მუქი ქარვისფრიდან ჩალისფრამდეა. აქვს ადგილობრივი გარემო პირობებით განპირობებული კარგად გამოხატული ჯიშური არომატი ხილის ტონებით – სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული, ხავერდოვანი, კარგად განვითარებული ბუკეტით. მისი ტიპურობა განპირობებულია ზომიერი სიმწკლარტით. ღვინის ფაქტობრივი მოცულობით სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12.0%-ზე ნაკლები და შაქრიანობა არაუმეტეს 4 გ/ლ.

ოთხივე ზემოთჩამოთვლილი ღვინის დამზადება შესაძლებელია მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული ყურძნის ჯიშებით: „ბოლნისი“ თეთრი და ქარვისფერი რქაწითელის, ჩინურის და გორული მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან, „ბოლნისი“ წითელი ღვინო საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს და ასურეთული შავის ჯიშის ყურძნიდან, „ბოლნისი“ ვარდისფერი კი ფერადყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშების გადამუშავებით, წითელი ყურძნის დურდოზე თეთრი ყურძნის ტკბილის დადუღებით ან თეთრი და წითელი ღვინოების შერევით). გასათვალისწინებელია დამზადების ზუსტი ტრადიციული წესი, ამავე მიკროზონის ფარგლებში.

ბოლნისის მიკროზონა მოიცავს თავად ქალაქ ბოლნისსა და შემდეგ სოფლებს: რატევანი, ხატისოფელი, რაჭისუბანი, სავანეთი, ტალავერი, ქვემო არქევანი, სამტრედო, ჭაპალა, ზვარეთი, სოფელი ბოლნისი, ქვეში, მუშევანი, აკაურთა, დისველი, ქვემო ბოლნისი, სამწევრისი, ნახიდური, ცურტავი, ფარიზი, დაბა თამრისი, ვანათი, კიანეთი და მამხუტი.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ბოლნისი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2019 წლის 4 მარტს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“, – ნათქვამია სტატიაში.