გენო პეტრიაშვილი პროფესიული საჭიდაო ლიგის ჩემპიონი გახდა [ვიდეო]
21:57, 26.01.2018
გენო პეტრიაშვილი პროფესიული საჭიდაო ლიგის ჩემპიონი გახდა. პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, რომელიც ნიუ დელიში 17 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. ექვსგუნდიანი ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გენო პეტრიაშვილის გუნდი – „პანჯაბროიალსი“ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის – „ჰარიანაჰამერსი“ დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ პანჯაბელებმა 6-3 მოიგეს.
პირველად ხალიჩაზე 57 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გავიდნენ. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა – ხინჩეგაშვილმა ინდოელ ნივენკუმარს პირველ პერიოდში აღებული ოთხი ქულა აკმარა და 4-0 გამარჯვების შედეგად „ჰარიანაჰამერსი“ დააწინაურა.
გენო პეტრიაშვილს ხალიჩაზე გასვლამ მაშინ მოუწია, როდესაც გუნდებს შორის ანგარიში 2-2 იყო. ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქეც ასევე მასპინძელი – უმიტი იყო. ქართველმა ფალავანმა ფინალურ დაპირისპირებაში მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. პირველი პერიოდი პეტრიაშვილმა 9-0 მოიგო, რასაც მეორე პერიოდის დაწყებიდან 1:45 წამში კიდევ შვიდი უპასუხო ქულა დაუმატა, 16 -0 გაიმარჯვა და აშკარა უპირატესობის გამო შეხვედრა ვადამდე შეწყდა.
გადამწყვეტი გამარჯვება კი მომავალ ჩემპიონებს ზურაბ იაკობიშვილმა მოუტანა. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი – იაკობიშვილი “პანჯაბ როიალსმა” ბოლო დღეს, ფინალისთვის დაიმატა. ზურამ გუნდში რუსეთის ნაკრების წევრი დაღესტნელის – ილიას ბეკულბატოვის ადგილი დაიკავა და კლუბის მესვეურებს იმედებიც გაუმართლა. მან ინდოელ – კარან მორს 4-0 მოუგო, რითაც საერთო ანგარიში 5-2 გახადა და “პანჯაბ როიალსის” გაჩემპიონება ოფიციალურად გააფორმა.
შარშანდელ ფინალშიც ერთმანეთს „პანჯაბროიალსი“ და „ჰარიანაჰამერსი“ შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მაშინ ჩემპიონთა შემადგენლობაში ასპარეზობდა.
აღნიშნულ ტურნირზე კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი პეტრიაშვილის ინდივიდუალური წარმატება იყო. მან შეჯიბრზე ჩატარებული შვიდი შეხვედრიდან შვიდივე მოიგო და საუკეთესო მოჭიდავეც გახდა.
შეგახსენებთ, რომ ლიგის ორგანიზატორები საუკეთესოს სტატისტიკის მიხედვით ავლენდნენ. პეტრიაშვილთან ერთად შვიდიდან შვიდი მოგება „ჰარიანაჰამერსის“ რუს მოჭიდავეს – ხეთაგ ცაბალოვს ჰქონდა. ტურნირი წაუგებლად დაასრულა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც, თუმცა მას მხოლოდ ექვსი ორთაბრძოლის ჩატარებამ მოუწია.