გენო პეტრიაშვილი - გულშემატკივარს ბევრი ემოცია შევძინე, ახლაც ვეცდები, ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს
ვეცდები, გუნდთან ერთად, პარლამენტში ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, დევნილებისთვის, ჩემი ქალაქელებისთვის და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომრად წარდგენილმა გენო პეტრიაშვილმა წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჩვენი გზა არის მხოლოდ ევროპაში, მშვიდობით და ღირსებით.
„პირველ რიგში, მე, როგორც გენო პეტრიაშვილმა ძალიან ბევრი ემოცია შევძინე ჩემს გულშემატკივარს, რაც შემეძლო. ახლაც ვეცდები, ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს. თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. პარლამენტში ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ. ვეცდები, გუნდთან ერთად ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, დევნილებისთვის, ჩემი ქალაქელებისთვის და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გზა არის მხოლოდ ევროპაში, მშვიდობით, ღირსებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გულშემატკივარს კიდევ ერთხელ დიდი სიყვარული ჩემგან“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება სპორტში საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, პეტრიაშვილის თქმით, სპორტში დარჩენას გეგმავს.
„სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის, ყოველთვის იქნება. უბრალოდ, ახლა დრო დამჭირდება, რომ ტრავმები მოვიშუშო, მაგრამ ვრჩები სპორტში, ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან, უსაყვარლეს საქმიანობასთან ერთად“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული დღეს წარადგინა. პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან: ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.