გენგეგმის თანახმად, საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისას, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება, წინასწარ შეაფასოს მგზავრობის დრო, ტრანსპორტისთვის კი, ცალკე ზოლი გამოიყოს  
გენგეგმის თანახმად, საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისას, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება, წინასწარ შეაფასოს მგზავრობის დრო, ტრანსპორტისთვის კი, ცალკე ზოლი გამოიყოს  

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის ნებისმიერი წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე, მოქალაქის კომფორტული, დროული გადაადგილების უზრუნველყოფას და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.

ქალაქის საჯარო და კერძო ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე გენგეგმაში „კარგად შეკავშირებული ქალაქის“ კონცეფციაშია საუბარი, რომელიც ოთხი ძირითადი კონცეფციიდან ერთ-ერთია.

როგორც გეგმაშია აღნიშნული, კერძო ტრანსპორტის მოთხოვნებზე დაქვემდებარებული სისტემური მიდგომა უნდა შეიცვალოს და საქალაქო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტიზაცია შემდეგი თანმიმდევრობით უნდა მოხდეს: საფეხმავლო, არამოტორიზებული, საჯარო ტრანსპორტი და კერძო ტრანსპორტი. ქალაქის საჯარო ტრანსპორტით უზრუნველყოფა სამი დონის მეშვეობით განხორციედეს: ტრანზიტული საჯარო ტრანსპორტი; საუბნო საჯარო ტრანსპორტი; ლოკალური „შემკრები“ საჯარო ტრანსპორტი.

გეგმაში განმარტებულია, რომ ტრანზიტული საჯარო ტრანსპორტის ფუნქციაა სწრაფად და ეფექტიანად განახორციელოს კავშირი ქალაქის მაქსიმალურად დაშორებულ ერთეულებს შორის, რაც ძირითადად, სალიანდაგო ტრანსპორტისა და სატრანზიტო ავტობუსების ქსელების მეშვეობით ხორციელდება; საუბნო საჯარო ტრანსპორტის ფუნქციაა მგზავრთა ტრანსპორტირება უბნის შიგნით და მომიჯნავე უბნებს შორის, საშუალო მანძილებზე, ასევე უზრუნველყოს მგზავრთა მოხერხებული წვდომა ტრანზიტული ტრანსპორტის ძირითად ქსელზე. აღნიშნული ძირითადად, საქალაქო ავტობუსებით ხდება; ლოკალური „შემკრები“ საჯარო ტრანსპორტის ფუნქცია კი, უმოკლეს სამგზავრო მანძილებზე და რელიეფურად რთულად მიღწევად ან მცირე სატრანსპორტო მოთხოვნის არეალებში მგზავრთა მობილობაა. ასეთ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებათა სახეობა არეალის თავისებურებებიდან გამომდინარე განისაზღვრება. ასევე, უნდა მოეწყოს ერთიანი ინტერმოდალური სადგურები.

გეგმაში აღნიშნულია, რომ ქალაქის საჯარო ტრანსპორტის ეფექტიანობისა და მომხმარებელთათვის მიმზიდველობის ზრდისთვის აუცილებელია, მგზავრს ჰქონდეს საშუალება წინასწარ შეაფასოს მგზავრობის დრო და დაგეგმოს თავისი მგზავრობა. ამ მიზნით მნიშვნელოვანია, ტრანზიტული და საუბნო სატრანსპორტო საშუალებების ოპერირებისთვის, შესაძლებლობის შემთხვევაში, ცალკე ზოლი განისაზღვროს. 

ამასთან, როგორც გეგმაშია ნათქვამი, საჯარო ტრანსპორტის ეფექტიანი ოპერირებისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ერთიანი გაბილეთიანების სისტემის შემუშავება.

გარდა ამისა, „კარგად შეკავშირებული ქალაქის“ კონცეფცია მოიცავს თბილისში პარკირების განფასებითი სისტემის შექმნას, ასევე, უსაფრთხო საველოსიპედო კავშირების მოწყობასა და თბილისის რელიეფის გათვალისწინებით, ქალაქის შემაღლებულ ტერიტორიებთან სატრანსპორტო კონტაქტის განხორციელებისთვის საბაგირო კავშირების განვითარებას.