გენგეგმის თანახმად, მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ, გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო უწყვეტი ბილიკი უნდა მოეწყოს
თბილისში, მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ, უწყვეტი, გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი უნდა მოეწყოს, – ამის შესახებ საუბარია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, რომელზე მუშაობაც უკვე დასრულდა და, რომლიც დედაქალაქის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის ტერიტორიების განვითარებითი მიმართულებების დადგენისას ოთხ ძირითად კონცეფტუალურ მოსაზრებას ეყრდნობა და გამოყოფს, მათ შორისაა კომპაქტური ქალაქი, მწვანე ქალაქი, კარგად შეკავშირებული ქალაქი და მედეგი ქალაქი.
მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ ბილიკების ქსელის მოწყობა „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ერთ-ერთი ამოცანაა.
როგორც გენგეგმაშია აღნიშნული, მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემამ უნდა დაიცვას მდინარის ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ბუნებრივი ლანდშაფტები, ასევე, უზრუნველყოს ქალაქის ცენტრალური ნაწილი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეებით, რომლებიც ქალაქის განიავებისა და გაგრილების დერეფნების ფუნქციასაც შეასრულებს. გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი კი, ველომოყვარულთათვის და ფეხით მოსიარულეთათვის ქალაქში გადაადგილებას კომფორტულს გახდის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
გენგეგმა განმარტავს, რომ თბილისის გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან სისტემად, რაც ერთი მხრივ, გაზრდის მათ ეფექტიანობას დამსვენებელთათვის ფართო, ერთმანეთთან დაკავშირებული სასეირნო თუ სავარჯიშო ქსელის შეთავაზებით და მეორე მხრივ, კომფორტული, ეფექტიანი გადაადგილების საშუალება იქნება ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთათვის.
ამასთან, საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიებისა და ღია სივრცეების ფართობი, უბნების მიხედვით, ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში, ერთ სულ მოსახლეზე უნდა გასამმაგდეს და ერთ მოსახლეზე 10 კვ/მ-ს აღემატებოდეს.
ამასთან, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, შემცირდეს ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ მინიმუმამდე, ბუნებრივი ლანდშაფტების მკაცრი დაცვით გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზე და მისი სიკეთეების ეფექტიანი, ოპტიმალური გამოყენებით ქალაქის ნაშენ ნაწილში. თბილისის სარეკრეაციო სისტემა კი, უნდა დაეფუძნოს ბუნებრივი გარემოს ელემენტებს – ნაშენი ტერიტორიების გარეთ არსებულ, ბუნებრივ ლანდშაფტს და მტკვრისა და მცირე მდინარეების სანაპიროების გასწვრივ არსებულ და დაგეგმილ ღია სივრცეებს, რომლებიც ქალაქის ნაშენ ნაწილში ერთიან სარეკრეაციო ქსელს შექმნიან.