გენერალური პროკურატურა პრეზიდენტის მიერ პროკურორების ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე განმარტებას აკეთებს
გენერალური პროკურატურა პრეზიდენტის მიერ პროკურორების ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე განმარტებას აკეთებს

გენერალური პროკურატურა პრეზიდენტის მიერ პროკურორების ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე განმარტებას აკეთებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, 30 მაისს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით 4 პროკურორი გენერალური პროკურორის წარდგინებით, 2018-2019 წლებში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის დააჯილდოვა. ღირსების ორდენები გადაეცათ: გიორგი გოგაძეს, ნინო აღლემაშვილს, რევაზ ბაღაშვილს და ფრიდონ ქარცივაძეს.

„ნინო აღლემაშვილი საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს  საქმიანობაზე, ასევე უშუალოდ მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვისას.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინიციატივით და ნინო აღლემაშვილის უშუალო ჩართულობით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პროკურორების, ადვოკატებისა და მოსამართლეების მონაწილეობით, მოამზადა ინსტრუქციები მოსამართლეებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებზე გამოსაყენებელი კანონის განმარტებების შესახებ.

აღსანიშნავია ნინო აღლემაშვილის მხრიდან სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციურად მხარდაჭერა ბრალდებულ მალხაზ კობაურის საქმეზე, რომელსაც ხადას ხეობაში  სმიტების ოჯახის სამი წევრის  მკვლელობის გამო, ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.  აღსანიშნავია ასევე  ის გარემოება, რომ პროცესს მოჰყვა დადებითი გამოხმაურება  ცალკეული ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოში აშშ-ის საელჩოს და  საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის  გიორგი გოგაძის საქმიანობა და განსაკუთრებული ძალისხმევა აღსანიშნავია  საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.

2018 წლის  სექტემბერში გიორგი გოგაძე აირჩიეს და დაამტკიცეს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. იგი  აქტიურად არის ჩართული  ასოციაციის საქმიანობაში. ორგანიზაციის  გადაწყვეტილებით, 2021 წელს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 26-ე ყოველწლიურ კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს.

2018 წელს საქართველოს პროკურატურამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა EUROJUST-თან თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების გაფორმების მისაღწევად.  შედეგად, საქართველო პირველი ქვეყანაა  სამხრეთ კავკასიის რეგიონში,  რომელთანაც EUROJUST-ის ხელშეკრულება გაფორმდა.

ევროკავშირის წევრი  სახელმწიფოების მსგავსად,  საქართველო, EUROJUST-ში წარმოდგენილი იქნება მეკავშირე პროკურორით. შეთანხმება ასევე გულისხმობს ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას.

2018 წელს  საქართველოს პროკურატურამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირის დანაშაულებრივი ქონების ჩამორთმევის ოფისთან (EU AROS) და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან (OLAF) თანამშრომლობის გააქტიურების კუთხით.

გიორგი გოგაძის უშუალო ჩართულობით და წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობით,  საქართველოს პროკურატურის პროკურორების  ეფექტიანი  საპროცესო ზედამხედველობით და  მონაწილეობით, უპრეცედენტო, საერთაშორისო სამართალდამცავი ოპერაციის შედეგად დაიშალა  კომპლექსური,  გლობალური მასშტაბით მოქმედი და ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელი.

რევაზ ბაღაშვილის  ეფექტიანი ხელმძღვანელობის შედეგად განხორციელდა არაერთი აქტივობა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. მათ შორის შესწავლილია საერთაშორისო პრაქტიკა, მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები და მოხდა მათი პრაქტიკაში იმპლემენტაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნულ დონეზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებას. განხორციელდა მნიშვნელოვანი აქტივობები პარალელური ფინანსური გამოძიების და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებების ჩამორთმევის ეფექტურობის გაზრდის მიზნით იმ დანაშაულებთან მიმართებაში, რომლებსაც თან ახლავს მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღება.

რევაზ ბაღაშვილის ხელმძღვანელობით  ბოლო სამი წლის მანძილზე უკანონო შემოსავლის  ლეგალიზაციის  ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორმოცამდე პირის მიმართ. იდენტიფიცირებული და დაყადაღებულია მილიონობით შესაძლო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა და უძრავი ქონებები.

ფრიდონ ქარცივაძის ხელმძღვანელობით 2018 – 2019 წლებში ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 20-მდე სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მათ შორის აღსანიშნავია ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდობის საქმეებზე 12 პირის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. სახელმწიფო ბრალდების ეფექტური მხარდაჭერის შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სამ სისხლის სამართლის საქმეზე ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით თორმეტივე  პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენები. ასევე, პოლიციელზე თავდასხმისა და მისი სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულს განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.