გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ერთ-ერთი შეწყალებულის დედა გამოიკითხა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ასლან ბეჟანიძის დედის ინფორმაციით, შვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ამის შესახებ ასლან ბეჟანიძის დედამ, თამარ მუქერიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ასლან ბეჟანიძის დედა ადვოკატთან ერთად გენერალურ პროკურატურაში ოთხი საათი იკითხებოდა. მისივე თქმით, სწორედ მან მიმართა პრეზიდენტს შვილის შეწყალებაზე.
„ჩემი შვილი იყო უდანაშაულო და სასიხარულოა, რომ განთავისუფლდა. მე ვუთხარი გამოძიებას, რომ ჩემი შვილი იყო უდანაშაულო, გამართლებული იყო პირველ ინსტანციაში, გამართლებული იყო მეორე ინსტანციაში და უზენაეს სასამართლოში იყო განსხვავებული აზრი, კოლეგიის თავმჯდომარემ გაამართლა და გვენეტაძემ გაამტყუნა“, – განაცხადა ასლან ბეჟანიძის დედამ, თამარ მუქერიამ.
კითხვაზე, შეწყალების შესახებ განაცხადის წარდგენაზე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია, ყოფილი მსჯავრდებულის დედა ამბობს, რომ მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა. მისივე განცხადებით საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ამოღებული იქნა მისი ტელეფონი.
„გავატანე მობილური, არაფერი ინფორმაცია არაა და ვერაფერს ვერ აღმოაჩენენ. არ ვიცი რას ეძებენ და კომუნიკაცია არავისთან არ მქონია“, – აღნიშნა მუქერიამ.
თამარ მუქერიას ადვოკატის განცხადებით, შვილის შეწყალებაზე განაცხადით მიმართვისას მას რეკომენდატორები არ ჰყოლია.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.