გენერალი ჯოზეფ დანფორდი - კონკურენტებთან შედარებით, შეერთებული შტატები სამხედრო უპირატესობას კარგავს
კონკურენტებთან, კერძოდ, რუსეთთან და ჩინეთთან შედარებით, შეერთებული შტატები მის სამხედრო უპირატესობას კარგავს, – ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა.
მასაჩუსეტსის შტატის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გენერალმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა შეისწავლეს სამხედრო მოქმედებების წარმართვის ამერიკული მეთოდები და ამის საპასუხო სტრატეგიები შეიმუშავეს, რითაც ვაშინგტონის უპირატესობა მინიმუმამდე დაიყვანეს.
„თუ მაგალითისთვის ევროპაში სამხედრო-საზღვაო ალიანსს ავიღებთ, რუსეთმა იცის, რომ ტრანსატლანტიკური კავშირები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია NATO-ში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით“, – განაცხადა დანფორდმა.
გენერლის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაკარგა სამხედრო უპირატესობა და ის უკვე გაცილებით ნაკლებად არსებითია, ვიდრე ადრე.