გენერალი ჯონ ნიკოლსონი - ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია აშშ-სა და ნატო-სთვის გასაოცარია
ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია გასაოცარია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-სთვის, – ამის შესახებ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა ავღანეთში განაცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად შეხვდა.
მისი თქმით, საქართველო ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტინგენტით არის წარმოდგენილი, რამაც ხელი შეუწყო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და ბოლო 17 წლის განმავლობაში, ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას.
„როგორც ამერიკელმა მეთაურმა კი მინდა ვთქვა, რომ არასდროს დაგვავიწყდება საქართველო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი მოკავშირეა 11 სექტემბრის შემდეგ ერაყსა და ავღანეთში.
ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია გასაოცარია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის. ქართველი ჯარისკაცები ნამდვილად ძალიან ძლიერები არიან. დიდ პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს მიმართ მისიაში მონაწილეობისთვის“, – განაცხადა ჯონ ნიკოლსონმა.
ამერიკელ გენერალთან საუბრისას ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ გენერალი ჯონ ნიკოლსონი საქართველოს დიდი მხარდამჭერია. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.
შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე დაესწრნენ.