გენერალი ბენ ჰოჯესი - თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ, ახლა ალიანსის ჯერია, გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატო-ს წევრად მიიწვიოს
გენერალი ბენ ჰოჯესი - თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ, ახლა ალიანსის ჯერია, გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატო-ს წევრად მიიწვიოს

ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ ნატო-მ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ნატო-მ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. მე ამის მტკიცედ მჯერა, მაგრამ ვიცი, რომ ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20 პროცენტის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას აგრძელებს. მაგრამ ნატო-ში ასეთი ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს. ეს გერმანიაა. აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის ასობით ათასი ჯარისკაცის ოკუპაციის ქვეშ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ალიანსმა გერმანია წევრად მიიღო. ამის გამო, ვფიქრობ, საქართველოსთან დაკავშირებითაც შეიძლება საქმის გადაჭრა“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა ინტერვიუში.

გენერლის აზრით, საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს იმის გამო, რომ მას შეუძლია უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაციის გაუმჯობესება.

„საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. სხვა დასამტკიცებელი არაფერი დარჩა. საქართველოს მამაცმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ყველას, ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა იმის გამო, რომ ისინი ასეთი კარგები არიან. ასე რომ, თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ. ახლა ალიანსის ჯერია, გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატო-ს წევრად მიიწვიოს“, – აღნიშნა ჰოჯესმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.