გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო დასკვნით ეტაპზეა გადასული
რუსთავი საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებების განხილვა დაასრულა. ბრალდების მხარემ დღეს შემაჯამებელი სიტყვა წარმოადგინა.
პროკურორი ლევან ჯალაღანია აცხადებს, რომ საქმეში უამრავი მტკიცებულება არსებობს და დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განმარტებით კი, ბრალდების მხარის მტკიცებულებები ცრუ მოწმეებზე იყო დაფუძნებული.
სხდომას ბრალდებული გიორგი ჭანტურიაც ესწრებოდა.
დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას სასამართლოს 2 ივნისს წარუდგენს.
სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში 2018 წლის 15 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა 18 იანვარს, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. მოგვიანებით, გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა 8 აგვისტოს დააკავეს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. 3 მაისს სასამართლომ გიორგი ჭანტურია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.