გენერალ მარკ მილის განცხადებით, ტრამპს და ბაიდენს აფრთხილებდა, რომ ავღანეთიდან ჯარების სწრაფი გაყვანა ქვეყნის მთავრობის კოლაფსს გამოიწვევდა
გენერალ მარკ მილის განცხადებით, დონალდ ტრამპს და ჯო ბაიდენს აფრთხილებდა, რომ ავღანეთიდან ჯარების სწრაფი გამოყვანა ქვეყნის მთავრობის კოლაფსს გამოიწვევდა.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა სენატის წინაშე განაცხადა. მილის თქმით, 2020 წელს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასა და „თალიბანს“ შორის დადებული ხელშეკრულების შვიდი მოთხოვნიდან, რადიკალურმა დაჯგუფებამ მხოლოდ ერთი შეასრულა.
მარკ მილის განცხადებით, ის აშშ-ის პრეზიდენტებს აფრთხილებდა, რომ ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების სწრაფი გაყვანა ქვეყანაში მიღწეული შედეგების დაკარგვას, საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ის ავტორიტეტის შელახვას, ავღანეთის მთავრობის დაშლას და ქვეყნის სათავეში „თალიბანის“ მოსვლას გამოიწვევდა. ამერიკელი გენერლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტები სერიოზულად მოეკიდნენ მის რჩევებს, ისინი მაინც ავღანეთიდან ჯარების გაყვანას ემხრობოდნენ.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ 12-36 თვეში სავსებით რეალური გახდება ავღანეთიდან „ალ-ქაიდას“ ან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან აშშ-ზე თავდასხმის რისკი.
ამასთან, ამერიკელმა გენერალმა ისაუბრა ჩინელ სამხედროებთან მისი სატელეფონო საუბრის შესახებაც და განაცხადა, რომ ამის თაობაზე საქმის კურსში იყო სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, მაშინდელი თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი და შემდგომ თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი კრისტოფერ მილერი. მარკ მილის თქმით, ჩინელ სამხედროებთან საუბარი აშშ-ის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხოლო ამ კონკრეტული სატელეფონო საუბრის დროს მან ჩინურ მხარეს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ გეგმავდა ჩინეთზე თავდასხმას და შეეძლოთ, მშვიდად ყოფილიყვნენ.