გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა
პარლამენტში შესულია პრეზიდენტის ვეტო, რომელიც საარჩევნო კოდექსში გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებს ეხება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა.
„გვაქვს მომართვა, ვეტო, რომელიც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებას გენდერული კვოტების საკითხთან დაკავშირებით, შემოვიდა ვეტო, რომელსაც გადავცემთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და, შესაბამისად, განიხილავს კომიტეტი შემდეგ პლენარული სხდომაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, 4 აპრილს 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ასევე, კანონპროექტით, პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, 60-ის ნაცვლად. ცვლილება შედის ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის თანახმადაც, უქმდება ის მექანიზმი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.
„გირჩის“ მიერ ინიცირებული პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.