ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში აშშ-ის ლაბორატორიების მუშაობა და ბიოტექნოლოგიების განვითარება რუსეთს ბიოუსაფრთხოების გაძლიერებას აიძულებს – ამის შესახებ დუმის დეპუტატმა და რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა. ონიშენკოს თქმით, შეშფოთებას იწვევს აშშ-ის მცდელობა ნაკლებად ეფექტური ცვლილელები შეიტანოს ქიმიური, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამოძიების მოქმედ მექანიზმში.
რუსი დეპუტატი ამბობს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე აშშ-მა სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელი შექმნა, რომელიც ბიოტექნოლოგიის მიღწევების საფუძველზე მთელ რიგ პროგრამებს ახორციელებს. ონიშენკოს თქმით, პროგრამაზე მუშაობენ აშშ-ის სასწავლო ინსტიტუტები, პირველ რიგში პენტაგონის თავდაცვითი კვლევის პროექტების განყოფილება, ასევე არმიასთან დაკავშირებული ინსტიტუტები. ონიშენკო საუბრობს აშშ-ის სამეცნიერო საქმიანობის შინაარსზე.
„აქ ორი ეტაპია: რესპუბლიკების ეროვნული კოლექციების ამოღება – მიკროორგანიზმების, ვირუსის შტამების და ამ კოლექციების პენტაგონის განყოფილებისთვის გადაცემა, მეორე – ნაციონალური მედიცინის და კვლევით ინსტიტუტების ბაზებზე ორგანიზება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით შენდება. ისინი ამ ლაბორატორიებს აშშ-ის არმიისთვის ქმნიან.
პირველი პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანში, საქართველოში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ახლა უკვე უკრაინაში ახალი ლაბორატორიები აშენდა, ასევე მოდერნიზაცია უტარდება საბჭოთა კავშირის დროს რესპუბლიკების ეპიდემიოლოგიური სამსახურების მფლობელობაში არსებულ ყოფილ ლაბორატორიებს. სამხედრო ლაბორატორიები, რომლებიც ბუნებრივი მიკროსამყაროს კვლევაშია ჩართული და რუსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარეობს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეტევით ოპერაციებს ამუშავებენ“ – განაცხადა გენადი ონიშენკომ.