გენადი არველაძემ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა
2023 წლის 2 ნოემბერს სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, სარა ანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კორეის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და გამოთქვეს მზაობა ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით. ამ კუთხით, ხაზი გაესვა საქართველო-კორეის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების წარმატებით დასრულებას, რაც გულისხმობს ერთობლივი განცხადების ხელმოწერას მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების შესახებ.
ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გულისხმობს ორ ქვეყანას შორის როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ასევე სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველო-კორეის ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიისა და ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის უახლოეს პერიოდში საქართველოში გამართვის საკითხი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრებს საქართველოში 2024 წლის პირველ ნახევარში გამართავენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში თარაშ პაპასქუა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.