გენადი არველაძე - საქართველოს წმინდა ექსპორტი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ქვეყნებში, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს
2019 წელს ქართული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის, იგივე წმინდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა და მან მთლიანი ექსპორტის 62.3 პროცენტი შეადგინა. ამასთან, წმინდა ექსპორტის 87 პროცენტზე მეტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გავიდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საინფორმაციო შეხვედრაზე.
შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II ფაზა“ ორგანიზებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართა.
„ამ მაჩვენებლებიდან კარგად ჩანს, რომ ჩვენი წმინდა ექსპორტის უდიდეს ნაწილს იმ ქვეყნებში ვახორციელებთ, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული. ყოველივე იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებიც თავის დროზე მივიღეთ, სწორი იყო,“ – განაცხადა არველაძემ.
მინისტრის მოადგილემ მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, რამდენად გაიზარდა საქართველოს წმინდა ექსპორტი სხვადასხვა ბაზრებზე მას შემდეგ, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმდა.
გენადი არველაძის განცხადებით, 2014 წელს ჩინეთში საქართველოს წმინდა ექსპორტი 1,2 პროცენტს შეადგენდა, რომელიც 2019 წელს 8.8 პროცენტამდე გაიზრდა.
რაც შეეხება ევროკავშირს, მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს წმინდა ექსპორტი 2014 წელს 22 პროცენტიდან 2019 წელს 31 პროცენტამდე მოიმატა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.