გენადი არველაძე - ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები 60%-ზე მეტით არის შესრულებული
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ექვსი თვის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს.
„სამოქმედო გეგმის შესაბამისად და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესრულების მიზნით, სრულად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან დაახლოებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით, 60%-ზე მეტით არის შესრულებული“, – განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.
საანგარიშო პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან გაიზარდა 21%-ით. მან ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე, რომლებიც მათ ევრორეგულაციების ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციაში დაეხმარება. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ ხელშემწყობ მექანიზმებზე, რომლებსაც სახელმწიფო მეწარმეებს სხვადასხვა პროგრამით სთავაზობს, მათ შორისაა: საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე მონაწილეობა და პარტნიორების მოძიებაში დახმარება.
ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით, მუშაობა მიმდინარეობს „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ბაზარზე ზედამხედველობის რეფორმა.
როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა შრომის უფლებების დაცვის მიმართულებითაც.
„„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესრულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროკავშირთან ურთიერთობებში, რამაც რეალურად უნდა შექმნას ჩვენს ქვეყანაში ის წინაპირობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციას. ყველა ის ნაბიჯი, რაც იდგმება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის მიმართული სწორედ ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.