გენადი არველაძე - ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის პოზიციებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 23-ე მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პანელზე შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელ საიმედო ალტერნატივასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. პანელი შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა. ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში გაიმართა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ბუნებრივად განსაზღვრავს ქვეყნის როლს, იყოს კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. მისი თქმით, ბოლო წლებში ქვეყანამ კიდევ უფრო გააძლიერა სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტირებისა და, ასევე, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესების გზით. მათ შორის, მთავრობამ მიიღო ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე ახორციელებს მთელ რიგ სტრატეგიულ პროექტებს, როგორებიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია; ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა; აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვა.
„ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციების მოზიდვას ლოგისტიკურ და ინტერმოდალურ ობიექტებში, რათა გავაძლიეროთ საქართველოს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის პოზიციები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, საგულისხმოა, რომ შუა დერეფნის პოპულარულობის ზრდის ფონზე მატულობს კერძო სექტორის ინტერესი ლოგისტიკური პროექტებისადმი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას რეგიონულ და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში.
გენადი არველაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება CAREC-ს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის, სატრანსპორტო ოპერაციების გამარტივებისა და შუა დერეფნის გასწვრივ შეუფერხებელ საზღვრისპირა ტრანსპორტირებაზე და ამ მიზნით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
„დერეფნის ქვეყნების სწორი პოლიტიკისა და კოორდინირებული ქმედებების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო გავაფართოვოთ და განვავითაროთ ჩვენი სატრანსპორტო მარშრუტები ვაჭრობის გამარტივებისთვის, ასევე ახალი იმპულსი მივცეთ ეკონომიკურ საქმიანობას დერეფნის ირგვლივ და ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას როგორც CAREC-ს რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ინტეგრაციას რეგიონულ და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში, ასევე გაზრდის შუა დერეფნის მიმზიდველობას,“ – განაცხადა გენადი არველაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს შავ ზღვაზე საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და შავი ზღვისპირა სხვა პორტებთან საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაზე. მისი თქმით, შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებადობის ზრდა მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. გენადი არველაძის ინფორმაციით, საქართველოს რუმინეთისა და ბულგარეთის ნავსადგურებთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლის სიხშირის გაზრდა დადებითად აისახა ტვირთბრუნვის მაჩვენებელზე, კერძოდ, 2024 წლის ცხრა თვის მოცემებით, ის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21 პროცენტით გაიზარდა.
CAREC-ს მინისტერიალში მონაწილეობენ როგორც წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე ისეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, როგორებიცაა აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვ. 23-ე მინისტერიალის ძირითადი თემა რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების განსაზღვრაა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.