GEM FEST-ს ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის იჯარით გადაცემაზე უარი ეთქვა
ელექტრონულ მუსიკალურ ფესტივალს GEM FEST ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის იჯარით გადაცემაზე უარი ეთქვა.
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა შპს „ჯი ემ ეფ-ის” გენერალურმა დირექტორმა, დავით დამენიამ და მოითხოვა მათ მიერ ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში უკვე დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM FEST 2018-ის ჩასატარებლად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით გადაცემა.
კომპანია წერილში ასევე აღნიშნავდა, რომ ფესტივალის ჩატარებას 9 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით გეგმავდნენ და ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდული იყო.
„აღნიშნულ წერილზე GEM FEST -ის ორგანიზატორებს უარი გაეგზავნა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის გაუგებარია ქონების მესაკუთრის თანხმობის გარეშე ელექტრონული ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან ბილეთების გაყიდვის პროცესი და მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტი გამოიწვევს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას”, – განაცხადა „მოამბესთან” საუბრისას სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში არსებულ სახელმწიფო ქონებაზე დაგეგმილ ღონისძიებებს, მიმდინარე წელს სახელმწიფო პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში, დაგეგმილია მუსიკალური ფესტივალები.
მუსიკალური ფესტივალი GEM FEST-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფესტივალი 9-12 აგვისტოს გაიმართება და ის ტრადიციულად ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ჩატარდება.