გელათის სამონასტრო კომპლექსში ფრესკების სკანირება და ციფრულ ფორმატში დოკუმენტირება დასრულდა
გელათის სამონასტრო კომპლექსში ფრესკების სკანირება და ციფრულ ფორმატში დოკუმენტირება დასრულდა

გელათის სამონასტრო კომპლექსზე უნიკალური ფრესკების სკანირებისა და მათი ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მიერ აღებული იმ ვალდებულებების ფარგლებში წარიმართა, რომელიც გელათის მონასტრის, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო მდგომარეობისა და მონიტორინგის რეჟიმების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ქმედებები გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შესახებ სრულფასოვანი დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებდა.

თანამედროვე კვლევების საფუძველზე, მომზადდა შესაბამისი ანაზომები და სააღრიცხვო ბარათი, რომელიც ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა სისტემაში განთავსდება.

სამუშაო პროცესი გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, წმინდა გიორგი სახელობის ტაძრისა და კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობისა და მოზაიკის 3D ფორმატით ლაზერულ სკანირებასა და მაღალი გარჩევადობის ციფრულ ფოტოინფორმაციის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით არქივაციას ითვალისწინებდა.

ამ მომენტიდან, ფრესკების ნებისმიერი ფორმით დაზიანების შემთხვევაში, სკანირებული ინფორმაცია სააგენტოს მათი უზუსტესად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.