გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
როგორც რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა, მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები, რომელსაც გერმანელი სპეციალისტები განახორციელებენ.
მისივე თქმით, სპეციალისტები ტაძარში 5 ივლისს ჩამოვლენ. გადახურვის პარალელურად გაგრძელდება შიდა სამუშაოებიც. არქიმანდრიტის განცხადებით, უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მოზაიკისა და მხატვრობის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს დაიწყებენ.
„დროებით გადახურვის სამუშაოებს გერმანული კომპანია „ქვადრექსი“ შეასრულებს. სამუშაო გაგრძელდება ექვსი კვირის განმავლობაში. ჩვენ დაახლოებით გვაქვს 45 დღე. შემოსასვლელში წერია, რომ 15 აგვისტომდე მონასტერი ვიზიტორებისთვის დაიკეტება. ეს განხორციელდა მომლოცველებისა და მნახველების უსაფრთხოების მიზნით. გერმანულმა კომპანიამ გამოგზავნა წერილი და გვთხოვეს, ამ კუთხით თუ არ იქნება უსაფრთხოება და არ დაიკეტება მონასტერი, მაშინ ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებდნენ. ამიტომ ეს ყველაფერი ხორციელდება მოქალაქეების უსაფრთხოების გამო. ამ კონსტრუქციის ფასი და ღირებულება არის იმაში, რომ დალაგებულია სპეციალური ბეტონის ფილები, რომლებიც ჩამოისხა რუსთავში. ერთიანი დროებითი გადახურვის კონსტრუქცია ტაძრის სტრუქტურას საერთოდ არ ეხება და ამით არის ის უნიკალური“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.