გელათის სამონასტრო კომპლექსს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და კულტურული ფასეულობების დაცვის საერთაშორისო ცენტრის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამინისტრომ UNESCO-ს ხელმძღვანელობას მიმდინარე წლის 22 ივლისს მიმართა წერილობით და აღნიშნა, რომ მადლიერია ICOMOS-ის, რომელმაც საქართველოს წერილობით გაუწია დახმარება (შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში გელათის მონასტერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით მომუშავე საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებულ კვლევებს, მათ მიერ შერჩეულ მეთოდოლოგიასა და ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს ICOMOS-მა დადებითი შეფასება მისცა), მაგრამ ასევე სთხოვს მას, ადგილზე გაეცნოს ვითარებას, შეაფასოს ქართული მხარის მიერ UNESCO-ს ექსპერტების ჩართულობით ჩატარებული სამუშაოები და გასცეს შემდგომი რეკომენდაციები.
სამინისტროს ცნობითვე, მოწვევის პარალელურად, UNESCO-ს ხელმძღვანელობას გაეგზავნა მიმდინარე წლის მაის-ივნისში გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიშები. კერძოდ, მიმდინარე წლის 27-31 მაისს გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს მაღალკვალიფიციურმა ექსპერტებმა გაუწიეს ზედამხედველობა.
„საგანგებოდ ამ მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათში იმყოფებოდნენ ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, რომლებმაც ქართველი სპეციალისტების მიერ დროებითი გადახურვის მოსაწყობად ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები შეაფასეს და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე, გელათში იმყოფებოდნენ კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესი საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე შეაფასეს კერძოდ, ალესანდრო მასარიმ ტაძარში ტენიანობის მონიტორინგი განახორციელა, ხოლო მარიო პულიერი კედლის მხატვრობის მდგომარეობას უწევდა მონიტორინგს.
აღსანიშნავია, რომ 22 ივლისის წერილის პასუხი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ UNESCO-სგან 29 სექტემბერს მიიღო. წერილში საერთაშორისო ორგანიზაცია სამინისტროს აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში საქართველოს ეწვევა ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია შემდეგი შემადგენლობით: ალკივიადეს პრეპისი – ICOMOS-ის მრჩეველი არქიტექტურის მიმართულებით, ვალერი მაგარი – ICCROM-ის პროგრამების განყოფილების მენეჯერი (კედლის მხატვრობის სპეციალისტი) და ირენა კაკეტი – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პროგრამების სპეციალისტი. ამავე წერილში UNESCO მადლობას უხდის საქართველოს კულტურის სამინისტროს წერილთან ერთად მიწოდებული ანგარიშების გაზიარებისთვის და აღნიშნავს, რომ მათ მიერ ნოემბრის თვეში მოვლინებული ექსპერტები მოცემულ მასალას საქართველოში მისიის მომზადებისთვის გამოიყენებენ“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.