გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა ექვსი თვის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა ექვსი თვის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა ექვსი თვის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში მოიცავს აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული საქმიანობისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციას.

„უკანასკნელ წლებში გელათის სამონასტრო კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის კუთხით შექმნილი კრიზისის გაანალიზების შედეგად საჭირო გახდა გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა, რაც ძეგლთან მიმართებით სამოქმედო გეგმის ცვლილებას გულისხმობს და მთლიანად ეფუძნება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული #44COM7B.47 გადაწყვეტილების მითითებებსა და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების – ICOMOS-ისა და ICCROM-ის 2022 წლის 28 ნოემბერ-2 დეკემბერს განხორციელებული ერთობლივი მისიის ანგარიშის რეკომენდაციებს.

ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2023 წლის 6 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების არასასურველი შედეგების გათვალისწინებით, გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა და სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პერიოდში მთავარ ამოცანად მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციების ზედმიწევნითი აღსრულება დაისახა. ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე, ექვსი თვის პერიოდის ანგარიშის სახით, გვსურს, წარმოგიდგინოთ ინფორმაცია აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული საქმიანობისა და აქტივობების შესახებ, რომლებიც მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის, მისი მრჩეველი ორგანოების – ICOMOS-ისა და ICCROM-ის ზემოხსენებული რეკომენდაციების მიხედვით შესრულდა.

კერძოდ: 1. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მკაფიო რეკომენდაციის თანახმად, შეიქმნა გელათის მართვის გეგმის განახლებაზე მომუშავე კვალიფიციური ჯგუფი და დაიწყო მართვის გეგმის განახლების სამუშაოები გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისა და მისი ერთიანი ვიზუალური დაცვის ზონის (ბუფერული ზონა) საზღვრებში; 2. გელათში განხორციელებული ზემოხსენებული ერთობლივი მისიის ანგარიშის მე-4 რეკომენდაციის შესაბამისად, გელათის ერთიან-დროებით გადახურვაში მოქცევისათვის, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა უმაღლესი რანგის გერმანულ კომპანია „ლეიერთან“ კომპლექსური თანამშრომლობით მოამზადა ორი საკმაოდ რთული საინჟინრო გადაწყვეტის მაღალტექნოლოგიური პროექტი: გელათის კათედრალის ერთიანი-დროებითი გადახურვის პროექტი, გუმბათის ჩათვლით, სრულად, და გელათის კათედრალის ერთიანი-დროებითი გადახურვის პროექტი, გუმბათის გადახურვის გარეშე, ამგვარი გადაწყვეტის მიზნობრიობის დასაბუთებით. მომავალ კვირას, ორივე პროექტი სრული სახით, გადაიგზავნება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში და დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას; 3. მე-6 რეკომენდაციის თანახმად, აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო ე.წ. უსაფრთხო ხარაჩო, რამაც სპეციალისტებს საშუალება მისცა, შეესწავლათ კედლის მხატვრობა და საკურთხევლის აფსიდის მოზაიკა; 4. რთული რეალობების მიუხედავად, ივლისის თვეში დადებითად დასრულდა გელათის კომიტეტის მიერ გამართული მოლაპარაკებები კედლის მხატვრობისა და მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო დონის, უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტებთან: ა)კედლის მხატვრობაში, სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესთან; ბ) მოზაიკაში, მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტთან, რობერტო ნარდისთან. აღნიშნულმა ექსპერტებმა სექტემბრის თვეში წარმოაგდგინეს ზოგადსაკონსერვაციო გეგმები, რომლებიც განხილულ იქნა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრების მიერ. დღეს მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი აქტიურად ემზადება კვლევითი და სატესტო სამუშაოების შესასრულებლად; ამისათვის დაწყებულია შესაბამისი საკონსერვაციო მასალებისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის ზრუნვა; 5. მე-11 რეკომენდაციის თანახმად, 2023 წლის აპრილში დაიწყო და ამჟამად დასრულებულია გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ცენტრალური ნაწილის, დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავების კამარებისა და ზედა რეგისტრების, კედლის მხატვრობის მდგომარეობის და ორიგინალი ტექნოლოგიის ზუსტი გრაფიკული სქემების შექმნა, თანმხლები დეტალური დოკუმენტაციით. აღნიშნულ ლოკაციებს პრიორიტეტი მიენიჭა დაზიანებათა მაღალი ხარისხის გათვალისწინებით; 6. მე-7 რეკომენდაციის შესაბამისად, ღვთისმშობლის ტაძრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის ყოვლისმომცველ მონიტორინგთან ერთად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წმინდა გიორგის ეკლესიაში არსებული ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგი; 7. მე-13 და მე-14 რეკომენდაციების შესასრულებლად, Studio Croci & Associati-სა და VI Studio-ს ერთობლივი ძალისხმევით, მომზადდა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსტრუქციული კვლევისა და მონიტორინგის გეგმა, რომელიც განხილულ იქნა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტში მოწვეული ეროვნული და საერთაშორისო საბჭოების მიერ და მთავარ ტაძარში უკვე დამონტაჟდა კონსტრუქციული მონიტორინგის სისტემები; 8. გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის უმაღლესი სამეცნიერო რანგის ექსპერტების მიერ დაიწყო გელათის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური და გეოლოგიური ფენების შესწავლა. დღეისათვის, უკვე შესრულებულია ამ სამუშაოების პირველი ეტაპი – შეიქმნა გელათის სამონასტრო კომპლექსის ზუსტი ტოპო-გეგმა; 9. ზემოხსენებული რეკომენდაციების აღსრულებისთვის, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტში შეიქმნა ბიურო, რომელიც სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებისას უზრუნველყოფს დოკუმენტაციის საფუძვლიან და დეტალურ წარმოებას, ასევე, საკონსერვაციო ჯგუფებს შორის თანმიმდევრული და შეთანხმებული მოქმედებისთვის შესაბამის კორდინაციას გაწევს; 10. შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი, სადაც, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, განთავსდა და პერმანენტულ რეჟიმში განახლდება გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე, ამავე ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა სახის დოკუმენტი, 2008 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან მოყოლებული დღემდე. ვებგვერდის მისამართია: www.gelatirehabilitation.ge

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სამუშაოების განხორციელების ყველა ეტაპზე სრულად იქნება გახსნილი საზოგადოებასთან“, – ნათქვამია ანგარიშში.