გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ ნაწილზე დაზიანებული დროებითი გადახურვის აღდგენა დღეს იგეგმება
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ ნაწილზე დაზიანებული დროებითი გადახურვის აღდგენა დღეს იგეგმება

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ ნაწილზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა გრძელდება. სამუშაოები დღეს უნდა დასრულდეს. ადგილზე სპეციალურ ტექნიკას ელოდებიან, რომლითაც ქარის შედეგად დაზიანებული სამი თუნუქის ფურცელი თავიდან უნდა დაამაგრონ.

სამუშაოებს კომპანია „იკორთა 2007“ და დამატებითი ჯგუფები ახორციელებენ. სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას გუშინ მთელი დღის მანძილზე კლუბ „თეთნულდის“ მეკლდეურეები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შრომითი უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფდა.

ახალმოწყობილი დროებითი გადახურვის ფრაგმენტის სტრუქტურული გამაგრების პარალელურად, შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მომდევნო ორ დღეში შემოწმდება მყარი გადახურვის ფენილების ყველა სეგმენტი. ამავდროულად, სააგენტო გააკონტროლებს დროებითი გადახურვების სხვა ელემენტებზე არსებული ხარვეზების გამოსწორების პროცესს, რომლის პირველი ეტაპი მთავარი ტაძრის ორი ეკვდერის აბსიდებზე დღეს დასრულდება.

„დღეს დასრულდება ასევე მთავარი ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს არსებული ეკვდერების დროებითი გადახურვის შესწორების სამუშაოები. ამით, თავის მხრივ, დასრულდება დროებითი გადახურვის იდენტიფიცირების პირველი რიგის სამუშაოები. ამის შემდგომ მოხდება ამ დროებითი გადახურვის სრული მონიტორინგი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების თანამშრომელმა, არქიტექტორმა ზაზა ჩხიკვაძემ.