გელა სამხარაული - სწორედ სალომე ზურაბიშვილისნაირი კანდიდატი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელიც უკლებლივ ყველას გვერდში მდგომი იქნება
სალომე ზურაბიშვილი თავისი ოჯახისშვილობით, წარსულითა და აწმყოთი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც მართლა დაგვეხმარება თითოეულ ქართველს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რომ ჩვენთან შემოვიდეს ევროპა, გავხდეთ უფრო მეტი ღირსების მატარებელი ხალხი, მეტი გამოცდილება და ცოდნა შევიძინოთ,- ამის შესახებ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა, გელა სამხარაულმა ახმეტაში განაცხადა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს შეხვდა.
როგორც სამხარაული ამბობს, მიაჩნია, რომ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მხარდაჭერა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.
„მიმაჩნია რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მხარდამჭერების თუ ოპოზიციონერების, თუნდაც იმათიც, ვინც დღეს, არ მინდა მათ დავემსგავსო, ბილწი სიტყვები და შეურაცხყოფები ვიხმარო, მაგრამ აი, ვინც ასე მახინჯად წარმართავს ამ წინასაარჩევნო კამპანიას.
სწორედ ქალბატონმა სალომემ ამ თავის ევროპელობით ყველას დაგვიმტკიცა, რომ ეს საარჩევნო კამპანია, ასეთ მშვიდ კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანა და თუ დააკვირდებით, მისი მხრიდან არ ყოფილა არც ერთი სიტყვაც კი თავისი ოპონენტების მისამართით, რომელიც გარკვეულწილად გამოეპასუხებოდა თუნდაც მათ უზრდელობას.
სწორედ აი ასეთი ადამიანი გვჭირდება ჩვენ. დადგა ქვეყანაში ის დრო, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება. სწორედ ასეთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გახდება პრეზიდენტი, სჭირდება ჩვენს ქვეყანას ვინც დააბალანსებს, სწორედ ამ სხვადასხვა საზოგადოების ფენებს თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობას, პრეზიდენტი, რომელიც იქნება უკლებლივ ყველას გვერდში მდგომი“,- განაცხადა გელა სამხარაულმა.
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში ახმეტაში, თელავში და ლაგოდეხში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.