გელა ნიკოლეიშვილი - ზოგადად, გაყალბებასთან დაკავშირებული კამპანია მეტისმეტად კომიკურია
გელა ნიკოლეიშვილი - ზოგადად, გაყალბებასთან დაკავშირებული კამპანია მეტისმეტად კომიკურია

ზოგადად, გაყალბებასთან დაკავშირებული კამპანია მეტისმეტად კომიკურია, – ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მნიშვნელობა არ აქვს, მოქალაქეა თუ პრეზიდენტი, თუ მოქალაქემ იცის დანაშაულის შესახებ, ამას აცხადებს და მას დასაკითხად იბარებენ, მან არ უნდა თქვას, მე კი ვიცი, მაგრამ თქვენ გამოიძიეთო. კი მაგრამ, როგორ წარმოუდგენია ეს პრეზიდენტს, პროკურატურა თუ პოლიცია როგორ იძიებს საქმეებს, მოწმეების გამოკითხვის შედეგად, ხომ?! თუნდაც ეს უნდა უთხრას პროკურატურას ქალბატონმა სალომემ, რას ნიშნავს ის, რომ 17-ჯერ შეიძლება ერთი პირადობის მოწმობა გამოიყენო? ხომ თქვა ეს და, – მოდით, აგვიხსენითო, ეუბნებიან. ამ ყველაფერზე, ჩაყრა იქნება ეს, ძალადობა თუ მოსყიდვა, როდესაც ეუბნებიან, ერთი კონკრეტული ფაქტი მოგვიტანეთო, ისინი ეუბნებიან, ვაგროვებთ და ჯერჯერობით არ წარმოგიდგენთო“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი უკვირს საია-სგან, რადგან ისინი პროფესიონალი იურისტები არიან.

„მათგან მიკვირს, თორემ სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკოსებისგან არაფერი არ მიკვირს. საია რომ ამბობს, ზოგადად ხომ ჩანდა უკანა მხარესო, ათიათასობით დამკვირვებელი იყო და როგორც მერე ცესკო-მ გამოაცხადა, მხოლოდ შვიდი საჩივარი იყო, ფარულობა იყო დარღვეულიო. ახლა თუ ამას ფარულობის დარღვევას დაარქმევ, შეიძლება, სადღაც გამოჟონა მელანმა თუ ფლომასტერმა და უკანა მხრიდან ჩანდა, ქვევით შემოხაზეს, ზევით თუ შუაში, მაგრამ მხოლოდ შვიდი საჩივარი რატომ დაიწერა? ან პირველ დღეს რატომ იზეიმეს, გაყალბებული ეგზიტპოლები რომ გამოაქვეყნეს?“ – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლოა, პარლამენტში პირველი გიორგი გახარია და მისი გუნდი ვიხილოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქარტიის ხელმომწერთა მხრიდან კეთდება განცხადება ერთობის აუცილებლობის შესახებ, ალეკო ელისაშვილი კი წერს, სად არის გახარია და თანამებრძოლისგან მკაფიო აზრის დაფიქსირებას მოითხოვს, გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს გამორიცხული არ არის, უბრალოდ, გახარია შექმნილ რეალობას უფრო ცივი გონებით უყურებს.

„აი, ვთქვათ, სად მიდის ეს სამი პარტია? ხაზარაძემ მილიონები დახარჯა და ბიზნესმენის პოზიციიდან უყურებს, როგორც ჩანს, და ალბათ ამბობს, ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო. ეს მანტია მოისხა, თორემ რას ასაჩივრებს, მაგალითად, ხაზარაძე? რაც ოპოზიციის ეგზიტპოლმა დაუწერა, ის მიიღო. 9% დაუწერეს და 9% მიიღო. გახარიას დაახლოებით 8% დაუწერეს და 8% მიიღო და გამოდის, ის აპროტესტებს, „ნაცებს“ რატომ მოაკელითო. თან ხაზარაძე და გახარია ხომ ასე პოზიციონირებდნენ, ჩვენ „ნაცები“ კი არ ვართ, შუაშისტები ვართო?“ – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.