გელა ნიკოლაიშვილი - სასამართლო პროცესზე დღეს დაკითხულმა ბრიტანელმა ფსიქიატრმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ის საუბრობდა პაციენტისა და დედისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე
გელა ნიკოლაიშვილი - სასამართლო პროცესზე დღეს დაკითხულმა ბრიტანელმა ფსიქიატრმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ის საუბრობდა პაციენტისა და დედისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე

ფსიქიატრმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ის საუბრობდა პაციენტისა და დედისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ფსიქიატრის საუბარში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ორი მომენტი. ერთი, ფსიქიატრმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ის საუბრობდა პაციენტისა და დედისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ძირითადად, აქედან გამომდინარე დაწერა დასკვნა. თუმცა, ასევე თქვა: მე რომ მითხრეს, სიტყვაზე, მძიმე მეტალებია, მე დავეყრდენი მათ ნათქვამს და არ გადამიმოწმებია ანამნეზში ან სამედიცინო დოკუმენტში, რეალურად იყო თუ არა ეს დასკვნებიო. იგივე მითხრა, მე, მაგალითად, პაციენტმა. რომ მითხრა, არ მახსოვსო, მე დავიჯერე, რომ მას არ ახსოვს, სიმულაცია გამოვრიცხე ამ შემთხვევაშიო“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ამასთან, როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა შუამდგომლობა დააყენა სამი ექსპერტის დაკითხვაზე.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე, 239-ე, 144-ე და 146-ე მუხლების საფუძველზე არის ეს შუამდგომლობა წარდგენილი.  დრო მოსამართლეს არ მოუთხოვია, დრო მოითხოვა დაცვის მხარემ, გვინდა, გავეცნოთ და შემდეგ სხდომაზე გიპასუხებთო. შემდეგი სხდომა 30 იანვარს არის ჩანიშნული და დაცვის მხარე თავის პოზიციას სხდომაზე დააფიქსირებს. სწორედ წერილობითი ფორმით მივმართეთ შუამდგომლობით, წარდგენილი როდესაც იყო ექსპერტიზის დასკვნა, იქ იყო განცხადება, უბრალოდ, ფორმა მივეცით, მუხლები არ იყო ჩამოყალიბებული, დავაზუსტეთ, რომელი მუხლებით არის წარდგენილი ეს შუამდგომლობა. მოვითხოვეთ სამი ექსპერტის დაკითხვა, ნევროლოგიური, ფსიქიატრიული და გასტროენტეროლოგიური მიმართულებით“, – აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე გამართულ პროცესზე ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონისი დაიკითხა. როგორც ფსიქიატრმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული და ნეიროკოგნიტური აშლილობა. მისივე თქმით, სააკაშვილის მკურნალობა არ იქნება ეფექტური იმ გარემოში, სადაც თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ და გრძნობს საშიშროებას.