გელა ნიკოლაიშვილი - სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე ამერიკელი ექსპერტის დაკითხვის შედეგად მის დასკვნასა და ჩვენებებს შორის რიგი შეუსაბამობები, უზუსტობები დაფიქსირდა
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ამერიკელი ნევროლოგის დაკითხვის შედეგად მის დასკვნასა და ჩვენებებს შორის რიგი შეუსაბამობები იყო.
ნიკოლაიშვილის თქმით, ამერიკელმა ნევროლოგმა არ იცოდა, რა დაავადებები აწუხებდა სააკაშვილს დაპატიმრებამდე.
„დღევანდელი ექსპერტის დაკითხვამაც დაადასტურა, რომ მთელი რიგი შეუსაბამობები, უზუსტობები დაფიქსირდა მის დაკსვნასა და ჩვენებებს შორის. როდესაც ლაპარაკია გულყრებზე, კრუნჩხვებზე, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სააკაშვილის მიერ ექიმებისთვის ნათქვამის ან ექიმების ნათქვამის საფუძველზეა ჩაწერილი სამედიცინო ისტორიაში. პაციენტმა განაცხადა, რომ მე მქონდა თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, გულყრაო. ერთი ადამიანიც არ არსებობს, რომელიც პირადად ნახავდა ამ ფაქტს. გარდა ამისა, როდესაც ექსპერტი საუბრობდა, რომ ეპილეფსიასთან დაკავშირებული რაღაც დაავადებები აქვს, თქვა, რომ ეპილეფსია აქვს, ამის შესახებ დასკვნაში ფაქტობრივად არაფერი ეწერა. კითხვაზე, აქვს თუ არა ეპილეფსია, მან განაცხადა – დიახ, ეს არის ეპილეფსიის ნიშნები და დაადასტურა, რომ მას აქვს ეპილეფსია.
მან აშკარად გამოავლინა უცოდინარობა იმისა, რა დაავადებები აწუხებდა სააკაშვილს დაპატიმრებამდე და ყველა მისი დაავადება დაუკავშირა დაავადებების შემდგომ პერიოდს. ის ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იღებდა, ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად, იმავე დღეში ორ ბოთლ კონიაკს აყოლებდა. ეს ჰოლანდიელმა ექსპერტმა დაადასტურა. რა კავშირია სასმელსა და მის დაავადებებს შორის? აბსოლუტურად ყველაფერს აქვს კავშირი, როდესაც ნერვოლოგიაზე, სტრესზეა ლაპარაკი. ექიმები სწავლობენ ყველა ფაქტს, ბავშვობიდან მოყოლებული, რა სტრესი აქვს გადატანილი. სწავლობენ, აფასებენ და აქედან გამომდინარე გამოაქვთ დასკვნები. ექსპერტი წინა პერიოდების შესახებ ახლა იგებდა. ბოლოს იძულებული იყო, აღენიშნა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების პარალელურად ორი ბოთლი კონიაკის დალევა ნორმალური არ არის და მას სხვადასხვა დაავადება აწუხებდა“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
რაც შეეხება დემენციას, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ამას გაარკვევენ მას შემდეგ, რაც ექსპერტები და დანარჩენი ექიმები დაიკითხებიან. მისივე განცხადებით, დემენციის დიაგნოზს ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან სააკაშვილს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.
„დემენცია რამდენად არის თუ არ არის, ამას გავარკვევთ, როდესაც დაიკითხებიან ექსპერტები და დანარჩენი ექიმები. დემენციის დიაგნოზს ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ, ვინაიდან დემენციის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს ის ნიშნები, რომლებიც ახასიათებს ამ დაავადებას. კონკრეტულად, მას საკუთარ ენაზე საუბარიც კი უნდა უჭირდეს და ავიწყდებოდეს, არათუ სხვადასხვა ენაზე საუბარი. მას არ შეიძლება, ჰქონდეს გუშინდელ, გუშინწინდელ და ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით ძალიან საღი შეფასებები, ზოგადად, ადამიანებთან კონტაქტი, ურთიერთობა. დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას. ჩვენ ვამბობთ, რომ სააკაშვილი ჭკუასუსტი არ არის“, – განაცხაადა გელა ნიკოლაიშვილმა.
ნიკოლაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „სააკაშვილს პატიმრობის მიუღებლობა სჭირს“.
„რაც შეეხება, რა სჭირს სააკაშვილს, მას სჭირს მიუღებლობა იმ მდგომარეობის, რომელშიც იმყოფება, ანუ პატიმრობის მიუღებლობა. ნამდვილად სტრესი განიცადა ამ პატიმრობით. ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად განიცდის სტრესს, მათ შორის სააკაშვილი. ბუნებრივია, ამ სტრესმა შეიძლება, გამოიწვიოს და, სავარაუდოდ, გამოიწვია კიდეც სხვადასხვა დაავადება, მაგრამ რასაც მისი დაცვის მხარე ამბობს, თითქოს ისეთი დემენციაა, რომლითაც სიკვდილის პირას არის, ისეთი კრუნჩხვებია, რომელიც მისი სიცოცხლისთვის სახიფათოა, ამას ჩვენ არ ვეთანხმებით. დღეს ექსპერტმა თქვა, რომ არასათანადო მკურნალობას იღებს, არ მკურნალობენ. მეორე მხრივ, თვითონ დაცვის მხარე და სააკაშვილი აცხადებენ, რომ, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რათა სათანადო მკურნალობა მიიღოს. უნდა ჩამოვყალიბდეთ, შეგნებულად ამ ადამიანს კლავენ, არასათანადო მკურნალობას უწევენ თუ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება. ბევრი პატიმარია გაცილებით უარეს მდგომარეობაში, რომელთა მიმართ არც სახელმწიფოს და არც ჟურნალისტების მხრიდან ამის მეასედი ყურადღება არ ყოფილა გამოხატული“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.