გელა ნიკოლაიშვილი - პატივს ვცემ ოთარ თოიძის პროფესიონალიზმს, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებ, რომ რვა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი იყო
გელა ნიკოლაიშვილი - პატივს ვცემ ოთარ თოიძის პროფესიონალიზმს, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებ, რომ რვა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი იყო

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, დაცვის მხარემ სააკაშვილის წინა პროცესზე განაცხადა, თითქოს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები მსჯელობდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც საქმის მასალებში არ არის.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე კონკრეტული დოკუმენტი წარადგინეს.

„წინა სხდომაზე დაცვის მხარემ განაცხადა, თითქოს ჩვენ ვმსჯელობდით იმ საკითხებზე, რომლებიც საქმის მასალებში არ იყო. როგორც მითხრეს, ამას „ტვ პირველმა“ დაახლოებით ნახევარსაათიანი სიუჟეტი მიუძღვნა. ამიტომ დღევანდელ სხდომაზე კონკრეტული დოკუმენტი წარმოვადგინეთ“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ამასთან, გელა ნიკოლაიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნევროლოგ ოთარ თოიძის დაკითხვა შეაფასა.

„ოთარ თოიძე ნევროლოგია და, ბუნებრივია, ნევროლოგიურ საკითხებზე საუბრობდა, თუმცა ასევე ისაუბრა ფსიქიატრიულ საკითხებზე. როდესაც დაკონკრეტება ვთხოვეთ ფსიქიატრიულ საკითხებთან დაკავშირებით, თქვა, ფსიქიატრს უნდა ჰკითხოთო, როცა მანამდე ამაზე საკმაოდ დამაჯერებლად საუბრობდა. ასევე, როდესაც ლაპარაკი მიმდინარეობდა ტოქსიკურ ინტოქსიკაციაზე, მისი მხრიდან ჯერ დამაჯერებლად იყო საუბარი, თითქოს მოხდა ინტოქსიკაცია, მოწამვლა, შემდეგ როცა დამაზუსტებელი შეკითხვები დავუსვით, განაცხადა, რომ ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რომ ამის გამომწვევი მიზეზი ვერ იპოვეს. ვერ იპოვეს, რატომ აქვს სიცხე თუ წონის კლება და ასე შემდეგ. მოწამლული ხომ არ არის, ასეთი კითხვა ისმებაო და ჩვენც გაგვიჩნდა შეკითხვაო. კიდევ ერთი მომენტი იყო, როდესაც საუბარი შეეხებოდა იმას, რომ რაღაც წამლები, მედიკამენტი არ უნდა დანიშნულიყო. როდესაც ჩვენმა მხარემ, მალხაზმა მოუყვანა მაგალითი, რომ სრულიად საწინააღმდეგო რეკომენდაცია ჰქონდა სახალხო დამცველის კონსილიუმს, კომისიას, მან თქვა, რომ ჩვენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივედითო. ისევე, როგორც დემენციასთან დაკავშირებით ამერიკელი ექსპერტებისგან ცოტა განსხვავებული შეფასება გააკეთა.

რა თქმა უნდა, სააკაშვილს გარკვეული დაავადება აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამდენი ხმის განმავლობაში საავადმყოფოში არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მაინც ის არის, რამდენად მძიმედაა დაავადებული, რამდენად ექვემდებარება მართვას საქართველოს პირობებში. ღმერთმა დაიფაროს, რამე დაემართოს. პირველ რიგში, პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტია დაინტერესებული, რომ რამე არ დაემართოს. ჩვეულებრივ პალატაშია და დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, გადის გარკვეულ მკურნალობას. მისი დაავადებების მართვა, რომელიც მეტწილად თვითდაზიანებებითაც არის გამოწვეული, არ იღებს საკვებს, მედიკამენტებს, შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე. ბევრ პატიმარს შესაძლოა, ასეთი და ამაზე მძიმე დაავადებებიც აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ მიმართ ასეთი მიდგომა არ ყოფილა. თვითონ ადვოკატი ვარ და მქონია შემთხვევები, როდესაც მძიმე დაავადებების შემთხვევაში, სასჯელის გადავადებაზე ამ მოსამართლესაც და სხვა მოსამართლეებსაც უარი უთქვამთ. მახსოვს, იგივე სიტუაცია იყო ორი თუ სამი წლის წინ დეკანოზ მამალაძის მიმართ, რომ ვერ გადარჩება, დაიღუპება. ახლა არ ვიტყვი, რომ ის ჯანმრთელია, მაგრამ მისი მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არის ნორმალური.

პატივს ვცემ ბატონი ოთარის პროფესიონალიზმს, ყველაფერს, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებ, რომ ეს ადამიანი რვა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი იყო. კიდევ ვამბობ, რომ ყველაფერი შესაფასებელია მოსამართლის მიერ, ასეა გაწერილი კანონში, რომ ორივე მხარეს უსმენს მოსამართლე და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ვამბობ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ანალოგიური, მსგავსი დაავადებების შემთხვევაში, გათავისუფლებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. გადავადებაზე ლაპარაკი ყოფილა, მაგრამ შემთხვევების 95 პროცენტში მოსამართლეები უარს აცხადებენ“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ამასთან, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ყოველდღიური მოქმედება, ყოველდღიური განცხადებები მიუთითებს, რომ მეხსიერება დაქვეითებული არ აქვს.

„მედიკოსები ამბობენ, რომ დემენცია, განსაკუთრებით, ასაკში შესულს, 40 წელს გადაცილებულ ადამიანს მეტ-ნაკლები ხარისხით აქვს, მაგრამ თვითონ სააკაშვილის ყოველდღიური მოქმედება, ყოველდღიური განცხადებები, ეპისტოლეები, წერილების წერა არ მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს ჭკუასუსტობას, მეხსიერების დაქვეითებას“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.