გელა ნიკოლაიშვილი - დაცვის მხარის მოწმეებმა დაადასტურეს სააკაშვილთან დაკავშირებით თავიანთი ექსპერტიზის დასკვნა, ისაუბრეს სამედიცინო ნიუანსებზე, რომლებიც იყო საკამათო
დღევანდელმა მოწმეებმა დაადასტურეს თავიანთი ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნა, რაზეც ხელს აწერდნენ. ისაუბრეს სამედიცინო ნიუანსებზე, რომლებიც, ასე თუ ისე, იყო საკამათო. მაგალითად, საკვების მიღებასთან, წონის კლებასთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ პრეტენზია, რომ არასწორად გამოვიდა შიმშილობიდან, ზედმეტ საკვებს იღებდა, თუმცა შემდეგ წონამ მოიმატა, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ნიუანსებს პასუხი უნდა გასცენ სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა, რომლებიც ასევე სასამართლოში დაიკითხებიან.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, მათ აქვთ თავიანთი პოზიცია და ამ პოზიციებზე უნდა იდავონ. უნდა წარმოჩნდეს მეორე მხარის პოზიცია, ასევე სამედიცინო ექსპერტის. დაცვის მხარის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ამ კვირაში მათი მოწმეების დაკითხვები დასრულდება, შემდეგი კვირიდან ალბათ ჩვენი მოწმეების დაკითხვა დაიწყება. თუ რაიმე წინააღმდეგობა არის, და, რა თქმა უნდა, არის წინააღმდეგობები ორივე მხარის დასკვნებს შორის, აქ მეორე მხარის ექსპერტებსაც უნდა დავუსვათ კითხვა. ჩვენ ჩვენს პოზიციას ვიტყვით, დაცვის მხარე თავის სიტყვას იტყვის და, საბოლოო ჯამში, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელი მხარეა სწორი“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე გამართულ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები, კერძოდ, ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები დაკითხნენ.
დღესვე მოსამართლე გიორგი არევაძემ საქმეს დაურთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. საუბარია იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.
დაცვის მხარე დასკვნის საქმისთვის დართვის წინააღმდეგი იყო. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ეს სამართლებრივი ნონსენსი იყო და მოსამართლეს ამის საფუძველი არ ჰქონდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ კი სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ექსპერტიზის დაკვეთის უფლებამოსილება კანონიერად ჰქონდა.