გედევან ფოფხაძე - სხვის უფლებებს მატერიალურად არ უნდა შევეხოთ და ერთმანეთის გრძნობებსაც გავუფრთხილდეთ, რადგან ესეც არის სიკეთე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერიასა და პრეზერვატივების მწარმოებელ ქართულ კომპანია “აიისა“-ს შორის დავაზე სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს ფოფხაძემ განუცხადა, გამოხატვის უფლება აბსოლუტური ვერ იქნება და არც არის. მისი თქმით,
„გამოხატვის უფლება აბსოლუტური უფლება არ არის, რითაც ადამიანმა შეიძლება ისარგებლოს. შეიძლება ვიღაცის უახლოესი ნათესავი რომ დახატონ? თუ პერსონალიებზე გადავალთ, ვიღაცაზე ნაწყენი ვარ და მისი დედა პრეზერვატივზე რომ გამოვსახო, ეს ნორმალური იქნება? ადამიანს ასეთი უფლება უნდა ჰქონდეს?
თამარ მეფე მთელი საქართველოსა და ქართველებისთვის მეფეთა მეფეა და ისეთი ადამიანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სახელმწიფომ ასეთი უფლება უნდა დაიცვას, ალბათ, იმ ადამიანს რაღაც ფსიქიკაში ნორმალურად არ აქვს ჩამოყალიბებული.
მგონია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია. ყველას უნდა გვქონდეს იმის სამოქალაქო მოვალეობა, რომ სხვის უფლებებს არა მხოლოდ მატერიალურად არ შევეხოთ, არამედ ერთმანეთის გრძნობებსაც უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ესეც არის სიკეთე”, – დასძინა ფოფხაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ქართული კომპანია „აიისა“ 500 ლარით დააჯარიმა.