გედევან ფოფხაძე - შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მზად ვართ, კონსულტაციები გავიაროთ და სახალხო დამცველის პოზიციაც მოვისმინოთ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით საფუძვლიანი არგუმენტების წარდგენა მოხდება, ცვლილებების გარკვეული კორექტირება განხორციელდეს.
ჟურნალისტებთან საუბარში გედევან ფოფხაძე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, კანონპროექტია ანტიკონსტიტუციურობაზე რომ ფიქრობდეს, ხელს არ მოაწერდა.
„მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ეს პოზიცია სწორი არ არის, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მზად არ ვართ, კონსულტაციები გავიაროთ და სახალხო დამცველის პოზიციაც მოვისმინოთ. თუ მისი არგუმენტები სწორი იქნება, შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც. მგონია, რომ ეს კანონპროექტი კონსტიტუციურ სტანდარტს ადგენს და სწორედ იმას ემსახურება, რომ მოქმედი კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იყოს მოყვანილი. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრი ყველაფრის განმსაზღვრელი არ არის და საკითხი დამატებით უნდა გავაანაალიზოთ. სურვილი არ გვაქვს იმის, რომ შემოქმედებით წრეებს დამატებითი შეზღუდვები დავუწესოთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კონსტიტუციური სტანდარტის ასახვა იყო კანონმდებლობაში. ინიცირება იმას არ ნიშნავს, რომ კანონპროექტის ავტორებს იმის სურვილი და რესურსი არ ჰქონდეთ, რომ ყველა განსხვავებული მოსაზრება მაქსიმალურად გაითვალისწინოს”, – აცხადებს ფოფხაძე.
დეპუტატს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს.
„ჩემი ეს მოსაზრება იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრი ყველაფრის განმსაზღვრელია, თუ არგუმენტები საფუძვლიანი იქნება, მზად ვართ, გარკვეული კორექტირება გავაკეთოთ, თუმცა კანონპროექტის მიზანი კონსტიტუციური სტანდარტის საკანონმდებლო დონეზე დადგენაა”, – დასძენს ფოფხაძე.
გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიასთან ერთად “კულტურის შესახებ” კანონპროექტის ავტორია, რომელიც პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის სახით არის წარდგენილი.