დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს.
პირველი არხის ინფორმაციით, გედევან ფოფხაძე მმართველი გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს.
წინასწარი ინფორმაციით, გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება შესაძლოა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს იმ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს, რომელიც დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს ფორმატში მიიღეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მედიისთვის ჯერ უცნობია, თუმცა დეპუტატებს დოკუმენტის სახით მიეწოდათ. არსებული ინფორმაციით, დოკუმენტში საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით და სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე.
პირველი არხი შეეცადა გაერკვია, აპირებს თუ არა გედევან ფოფხაძე უმრავლესობის დატოვებას, თუმცა დეპუტატმა აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ისურვა.
გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა გასულ წელს დატოვა. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევას უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით, გედევან ფოფხაძემ გადაწყვეტილება შეცვალა და უმრავლესობაში დაბრუნდა.