გედევან ფოფხაძე - სალომე ზურაბიშვილმა პრინციპი არ დაარღვია და ბოლომდე ერთგული დარჩა, პოზიტიური საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა
გედევან ფოფხაძე - სალომე ზურაბიშვილმა პრინციპი არ დაარღვია და ბოლომდე ერთგული დარჩა, პოზიტიური საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა

სალომე ზურაბიშვილმა პრინციპი არ დაარღვია და ბოლომდე იმის ერთგული დარჩა, რომ პოზიტიური საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა, –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

კითხვაზე, რატომ დადგა ასეთი რელობა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ხმები თითქმის თანაბარია, ფოფხაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი არის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც საარჩევნო კონიუნქტურას ქმნის.

მისი თქმით, რეალობა ის არის, რომ ამ პროპაგანდისტულ მანქანას ჰქონდა ძალიან ბინძური და მარტივი გზავნილები.

როგორც ფოფხაძემ განაცხადა, პირველი ფაქტორი, რამაც მიღებული შედეგი განაპირობა, სუბიექტურია და „ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული. 

„არასწორი იქნება, დავიკავოთ ისეთი როლი, თითქოს, „ქართული ოცნება“ არაფერ შუაში არ არის და ის ყველაფერს იდეალურად აკეთებდა. „ქართული ოცნება“ ექვსი წლის განმავლობაში ხელისუფლებაშია და მას კონსტიტუციურად, მორალურად თუ სახელმწიფოებრივად ევალება, საზოგადოებას შესთავაზოს იმ მთავარი ღირებულებების დაცვის გარანტიები, რომლებიც ჩვენი ხალხისთვის ურყევია. ამ გარანტიებს შორის არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და სარწმუნოება, ადამიანის უფლებები და ჩვენი ეროვნული ტრადიციები. დარწმუნებული ვარ, ამ გარანტიებს არაფერი ემუქრება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართულ საზოგადოებას ამ ყველაფრის სრული დაცვის გარანტია უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისი თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი ის არის, რომ პროპაგანდისტულმა მანქანამ საარჩევნო კამპანია მთლიანად ნეგატივზე ამუშავა, რათა ამომრჩეველს მხარი ვიღაცის საწინააღმდეგოდ დაეჭირა და არა კარგისთვის ან ცუდისთვის.

„სალომე ზურაბიშვილმა პრინციპი არ დაარღვია და ბოლომდე იმის ერთგული დარჩა, რომ პოზიტიური საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. მისმა ოპონენტებმა კი პრაგმატული თვალსაზრისით სწორად, მაგრამ მორალური თვალსაზრისით აბსოლუტურად ამორალური არჩევანი გააკეთეს და მთლიანად ნეგატივზე იმუშავეს, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.