გედევან ფოფხაძე - საჯაროდ ვუდასტურებ პატივისცემას ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს, მათი ქმედებები ამ ბოლო დროს სახელმწიფოებრივად, მორალურად სწორი იყო
ბოიკოტს ვიზიარებ და სოლიდარული ვარ ოპოზიციის, ეს არის ის მორალური თამასა, რომლითაც ოპოზიცია ახერხებს დღეს ქართველ ხალხს დაუმტკიცოს ერთგულება, – ამის შესახებ პარტია „სოლიდარობის ალიანსის“ ყოფილმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მიაჩნია, რომ „ნაცი“, რომელიც დღეს მორალურ პოზიციაზე დგას, გაცილებით უკეთესია იმ „ოცნების“ მომხრეზე, რომელიც 2012 წელს შეიძლება მორალურ პოზიციაზე იდგა, მაგრამ დღეს ემსახურება ერთ კაცის კერძო ინტერესებს.
„მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს შევიდნენ პარლამენტში, ისინი ავიდნენ სისხლის სამართლის დანაშაულის შესრულების პროცესში. ისინი დღეს არიან უზურპატორი დაჯგუფება, რომლებმაც უკანონოდ აიღეს ხელისუფლება. საჯარო დაპირებას ვიძლევი, რომ ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლება არ შეიცვლება, მანამდე ოპოზიციონერზე, რომელიც მართლა იბრძვის, ნეგატიურს არაფერს ვიტყვი. ძალიან ბევრ საკითხში განსხვავებული აზრი მაქვს „ნაცებთანაც“, „ლელოსთანაც“, „გირჩთანაც“ და ა. შ. ამიტომ ვუდასტურებ საჯაროდ პატივისცემას ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს, რომელთა ქმედებებიც ამ ბოლო დროს სახელმწიფოებრივად და მორალურად სწორი იყო. მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ, ფორმალურ მხარეს ბოლომდე იცავენ, თავისი ხალხის ერთგულებას აფიქსირებენ, მათი პარტიულობა საერთოდ არ მაინტერესებს. მიმაჩნია, რომ ეს ის ხალხია, ვისთან ერთადაც საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა შეიძლება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.