გედევან ფოფხაძე - საარჩევნო სისტემის კომპრომისულ ვარიანტს მხარს დავუჭერთ, მე პირადად 100/50-ს ხმას მივცემ
დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მზად არის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეთავაზებულ ვარიანტს – 100/50 მხარი დაუჭიროს.
მისი თქმით, თუ მმართველ პარტიას კონსტიტუციაში ცვლილებები სურს და ამის პოლიტიკური ნება აქვს, მიმდინარე წლის მარტის პირველი კვირა არის ბოლო ვადა შესაბამისი ინიციატივის პარლამენტში დარეგისტრირებისთვის და ამას 76 დეპუტატის ხელმოწერა დასჭირდება.
„ჩვენ, უმრავლესობის მიღმა დარჩენილებს 76 დეპუტატის ხელმოწერის ფიზიკურად მობილიზება არ შეგვიძლია. მაქსიმუმ, ვიყოთ 20-25 ადამიანი. მათ შეუძლიათ, ეს ჩვენს გარეშე გააკეთონ. ინიციატივა უნდა შემოვიდეს და დაიწყოს განხილვები. ამ ინიციატივაში შეიძლება, განხილვის დროს ციფრი შეიცვალოს. მარტის პირველ კვირაში უნდა იყოს დარეგისტრირებული, რათა ორი მოსმენით უნდა მოხდეს პარლამენტში გატანა და განხილვებიც ჩატარდეს. რეალურად ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვემოთ, „ლეიბორისტების“ ოფისში დაჯდომა ჩემთვის არ არის მისაღები. მე არც „ქართულ ოცნებასთან“ არ ვაპირებ დაჯდომას. მგონია, რომ ამ ვითარებაში უფრო მნიშვნელოვანია ნეიტრალიტეტის შენარჩუნება საარჩევნო სისტემისთვის. ჩვენი ამოცანაა, მიღებულ იყოს გადაწყვეტილება, ამიტომ კომპრომისულ ვარიანტს ჩვენ მხარს დავუჭერთ. 100/50-ს მივცემ ხმას მე პირადად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 22 ან 25 ადამიანი მზად არის, 100/50-ს მისცეს ხმა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისი თქმით, თუ მმართველმა გუნდმა აღნიშნული ინიციატივა არ დაარეგისტრირა, გამოდის, რომ ამაზე საუბრები იყო მხოლოდ საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის მოტყუებისთვის.
„გადაწყვეტილების მიღებისთვის პროპორცია უნდა გაიზარდოს პროპორციული მანდატების სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, კონსენსუსი შედგება. თუ არ დაარეგისტრირა ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ ე.ი. მთელი ეს საუბარი, ვითომ შეთანხმების მიღწევა უნდა, უბრალოდ საზოგადოებისთვის და პოლიტიკური სპექტრის მოტყუებისკენ მიმართული იყო. ეს ძალიან ცუდი იქნება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.