გედევან ფოფხაძე - როცა ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს - ბიძინა, გედი, ეკა, სალომე, შენ უკვე იწყებ სამოქალაქო ომსაც და დაპირისპირებასაც
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, პოლიტიკური შეწყალებები, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დააანონსა, საზოგადოებრივი დაპირისპირებების საფრთხეს ქმნის.
ფოფხაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეწყალების ინსტიტუტის პოლიტიზირებას ცდილობს, რაც საზოგადოებაში არეულობასა და უსამართლობის განცდას გამოიწვევს.
მისვე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრების რიტორიკა მათთან დაპირისპირებული მოსახლეობის დიდი ნაწილის მოღალატედ გამოცხადებასა და გარიყვაზეა ორიენტირებული, რაც ფოფხაძის განცხადებით, საზოგადოებაში გარდაუვალ ესკალაციას შექმნის.
უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ბოლო შანსი, სიტუაცია ხალხის სასიკეთოდ შემოაბრუნოს და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოება თავს დაცულად გრძნობდეს.
მისივე თქმით, საზოგადოების მობილიზაციაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
გედევან ფოფხაძემ არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებები მოხდეს.
„როცა ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს – ბიძინა, გედი, ეკა, სალომე, იწყებ უკვე სამოქალაქო ომსაც და დაპირისპირებასაც, წირავ ვიღაცებს. არანაირი წმენდა „ქართულ ოცნებაში“ საჭირო არ არის. წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩენი დარჩეს. წავა ის, ვინც ვეღარ ნახავს თანხვედრას ამ გაერთიანებაში“, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.