გედევან ფოფხაძე - პოლიტსაბჭოს ახალი ფორმატის მთავარი ღირსება არის ის, რომ პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია
პოლიტსაბჭოს ახალი ფორმატის მთავარი ღირსება არის ის, რომ პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქნებოდა თუ არა ის პოლიტსაბჭოში.
„მინდა, ყველა ჩვენი გულშემატკივრის გასაგონად ვთქვა, რომ პოლიტსაბჭოს ამ ფორმატს მთავარი ღირსება აქვს ის, რომ პირველი ნომერი არის ბიძინა ივანიშვილი, მისი დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში, პარტიაში არის ახალი შანსი ჩვენი გუნდისთვის და ჩემი აზრით, ქვეყნისთვისაც. ამდენად, საზომი იყო ის, რომ ჩვენს გუნდ ჰყავს ლიდერი, რომელიც ისევ არის საჭესთან და ისევ მზად არის უხელმძღვანელოს გუნდს. ყველა სტატუსი ამ შემთხვევაში არის პირობითი.
არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მე ვიქნებოდი პოლიტსაბჭოში თუ არ ვიქნებოდი, მთავარია, დამოკიდებულება არსებითად იცვლება და გუნდის ყველა ჯგუფს უნდა, გამონახოს თავისი ფუნქცია და მაქსიმალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავისი თავი ბოლომდე დაახარჯოს გუნდს, ამიტომ, ნამდვილად მგონია, რომ ის შემადგენლობა, რაც განვსაზღვრეთ, ოპტიმალურია და იმედია, ყრილობა ამ შემადგენლობას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც გედევან ფოფხაძე აღარ არის.