გედევან ფოფხაძე მარტში კიდევ ერთი საპარლამენტო თანამდებობის დატოვებას ვარაუდობს
მმართველი გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე ვარაუდობს, რომ მარტში კიდევ ერთი საპარლამენტო თანამდებობის დატოვება მოუწევს.
როგორც პირველ არხს ფოფხაძემ განუცხადა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე უფლებამოსილება მარტში ეწურება. დეპუტატი ფიქრობს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე უმრავლესობა მხარს აღარ დაუჭერს.
„არ ვფიქრობ, რომ მარტის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე ვიქნები, თუმცა არსებულ ვითარებაში ეს საკითხი აქტუალური საერთოდ არ არის. ვადა ამოიწურება და უმრავლესობას თავისი კანდიდატი ეყოლება. სხვა გეგმები და სხვა დღის წესრიგი მაქვს, რაც უზენაესი სასამართლოს პრობლემებთან არის დაკავშირებული და მინდა, ამ საკითხებზე ვიყო აქცენტირებული. სადაც მიმაჩნდა, რომ უფრო კვალიფიციური ვიყავი და უნდა ვყოფილიყავი, იქ მხარი არ დამიჭირეს და კომისია ის სფერო არ არის, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. თავს იურიდიულ კომიტეტსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში უფრო კომფორტულად ვგრძნობდი, სადაც ექვსი წელი ვიყავი და შეიძლებოდა, სასარგებლო საქმე მეკეთებინა. ვიღაცის აზრით, ამ კომიტეტებში არ ვიყავი საჭირო და ახლა კომისიის ხელმძღვანელად ჩემს საჭიროებაზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა ფოფხაძემ.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში გედევან ფოფხაძეს პარალელურად ორი თანამდებობა ეკავა. იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი. სოფო კილაძის კომიტეტი ფოფხაძემ საკუთარი სურვილით მას შემდეგ დატოვა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, თუმცა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტიდან მისი კვოტა გაიწვია და პირველი მოადგილის პოსტი ამ ფორმით დაატოვებინა.