კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა „ქართული ოცნების“ გარშემო ისეთი კრიზისი შეიქმნას, რომ იძულებული გახდეს, ერთი პირის მიმართ სამსახური შეწყვიტოს და ქართველ ხალხს ემსახუროს, – ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ფოფხაძის თქმით, მსოფლიომ, ევროპამ და უკრაინამ უნდა დაინახოს, რომ „სხვა საქართველო არსებობს“.
„ამისთვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ. ჩვენ ძალიან ბევრი რესურსი და კონკრეტული მიზანი გვაქვს, რომ საქართველოს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება არა ბიძინა ივანიშვილს და მის კერძო ინტერესებს, არამედ ქართველ ხალხს და მის ევროპულ არჩევანს.
24 თებერვალი, ეს არ არის პოლიტიკოსების ცალმხრივი ურთიერთობა ხალხთან. ეს უნდა იყოს დიდი ეროვნული გაერთიანება. ერთმანეთთან ბევრი რამ დავთმეთ, განსხვავებები დავთმეთ, წარსულს გადავუსვით ხაზი. ჩვენ დავდგებით ერთად, რადგან ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენთვის მთავარია, რომ წლის ბოლოს გარანტირებულად ვიცოდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არა ივანიშვილს ემსახურება, არამედ ქართველ ხალხს და მის პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რუსთაველიდან დანახული საქართველო უნდა დაინახოს მსოფლიომ, ევროპამ და უკრაინამ. სხვა საქართველო არსებობს და რეალურად ეს საქართველო წყვეტს ამ ქვეყნის მომავალს.
ხელისუფლებაში არიან პუტინისტები, ისინი არიან პუტინის საქმის მსახურები და საქართველოს ისინი არ სჭირდება, ეს განცდა უნდა გაჩნდეს. სრული ფრუსტრაცია „ქართულ ოცნებას“ უნდა დაემართოს და არა ქართველ ხალხს. ხელისუფლებამ, რომელმაც 24 თებერვალს, ისტორიულად არასწორი არჩევანი გააკეთა, ისტორიის ბოროტ მხარეს დადგა და დღეს ამაზე პასუხი უნდა აგოს. ხელისუფლებას 24 თებერვალს განაჩენს გამოვუტანთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.
ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.