გედევან ფოფხაძე - ძალიან კარგად ვიცით, მიხეილ სააკაშვილის სახით ვისთან გვაქვს საქმე, როგორ აპირებს, მოვიდეს ძალადობით, სისხლით, ეს აბსოლუტურად რეალისტური სცენარია და არაფერს ვიგონებ
თუ პრეზიდენტი ვაშაძე გახდება და ხელში შეწყალების უფლებას ჩაიგდებს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის სასახლეში შეგვყავს ტროას ცხენი, რომლის მუცელიც სასახლეში შესვლის შემდეგ გაიღება და იქიდან გადმობრძანდებიან სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ზონდერები და კრიმინალები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„გადმობრძანდებიან ის ადამიანები, რომლებიც თბილისის ქუჩებში დადიოდნენ და ყვიროდნენ – ბადრის რაო და მთელ საქართველოს დედას აგინებდნენ. გადმოვლენ ადამიანები, რომლებიც ციხეებში ხალხს აუპატიურებდნენ. ესეიგი, ეს ყველა გადმოდის და იქმნება ახალი პოლიტიკური მოცემულობა”, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისი თქმით, თუ ხალხი დაუშვებს, რომ გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდეს, ნიშნავს, უშვებს მოცემულობას, რომ შეწყალების უფლების გამოყენებით ეს ადამიანები გათავისუფლდნენ და რევანში განახორციელონ.
„რევანშისტების ქმედება, ფსიქოლოგია და მორალი როგორია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მიხეილ სააკაშვილის სახით, ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე, რა გეგმებს ისახავს და როგორ აპირებს, საქართველოში მოვიდეს – ძალადობით, სისხლითა და ცხედრებით. ეს აბსოლუტურად რეალისტური სცენარია და მე არაფერს ვიგონებ“, – განაცხადა ფოფხაძემ.
როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მოსახლეობას შეუძლია, ეს ყველაფერი გააანალიზოს, უახლოესი წარსული გაიხსენოს, პროპაგანდის ქვეშ აღარ მოექცეს და გადაწყვეტილება ღირებულებებით მიიღოს.
„აქ არის ძალიან მკვეთრი ღირებულებითი არჩევანი. არჩევანი არის ბოროტსა და კეთილს, წარსულსა და მომავალს, დაქცევასა და შენებას შორის. ასეთი კონტრასტული და პრაგმატული არჩევანი, როგორიც დღეს არის, საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად, სულ რამდენჯერმე იყო. მათ შორის, იყო მაშინ, როცა დამოუკიდებლობასა და კომუნისტურ რეჟიმს შორის ვირჩევდით და იყო 2012 წლის პირველ ოქტომბერს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.