გედევან ფოფხაძე - ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გარიცხვა სამაგალითოდ სურდა
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გარიცხვა სამაგალითოდ სურდა.
ჟურნალისტებთან საუბარში გედევან ფოფხაძემ გასული წლის გაზაფხულზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მისი, ნუკრი ქანთარიასა და ზაზა პაპუაშვილის გამართული შეხვედრა გაიხსენა.
დეპუტატის ცნობით, ამ შეხვედრაზე მათ ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ ირაკლი კობახიძემ ექვსი ადამიანის გარიცხვა შესთავაზა.
„ესენი ვიყავით – მე, ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი, რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში ნინია კაკაბაძის არჩევასა და ჩემს განცხადებას მოჰყვა. ბაქოს არჩევნებიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, როცა თვითმფრინავში გია ვოლსკის ზარი შემოვიდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ნახვა სურს, შეხვედრა დანიშნულია და უნდა შეხვდეო. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მზად იყო, მედიატორი ყოფილიყო, ურთიერთობები დაელაგებინა და საკითხი საერთოდ არ უნდა დამდგარიყო ვინმეს გარიცხვის თაობაზე. მან გვითხრა ისიც, რომ ირაკლი კობახიძემ ექვსი ადამიანის გარიცხვა შემომთავაზაო, თუ ამ ადამიანებს გავრიცხავთ, ვითარება დალაგდებაო. მაშინ ბევრი კონფლიქტი იყო ირაკლი კობახიძის მხრიდან, იგივე ბიძინა გეგიძესთან მომხდარი კონფლიქტი, რომლისთვისაც ბოდიშის მოხდა მოუწია. მას ბიძინა გეგიძესთან ცოტა ზედმეტები მოუვიდა“, – განაცხადა დეპუტატმა.
გედევან ფოფხაძის თქმით, ირაკლი კობახიძე ავტორიტარული მართვის დამკვიდრებას ცდილობდა და გუნდში იმ ადამიანების ყოფნა არ აწყობდა, ვინც ცუდ ფონს ქმნიდა.
„მას სხვების დასაშინებლად ამ ექვსი ადამიანის დასჯა სჭირდებოდა. როცა დავით ჭიჭინაძე გარიცხეს, პირად საუბარში კობახიძეს ვუსაყვედურე, ჭიჭინაძეს ეს ყველაფერი ჟურნალისტებიდან რატომ უნდა გაეგო-თქო, პირდაპირ მიპასუხა, მანამდე რომ გაეგო, თვითონ წავიდოდა და რაში გვაწყობდაო. მიზანი მარტივი იყო. ვიღაცის გარიცხვა სხვებისთვის პრეცედენტი იქნებოდა, რომ ვინც ხმას ამოიღებდა, გაირიცხებოდა. შიდა პარტიული დაპირისპირების ბოლო აკორდი ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობა, რომ მედიატორი იქნებოდა, დაირღვა და ის მხარე გახდა. ჩვენი მხრიდან ივანიშვილთან დავას აზრი აღარ ჰქონდა“, – დასძინა გედევან ფოფხაძემ.