გედევან ფოფხაძე - ერთად უნდა დავირაზმოთ ძალადობის, ფაშიზმის, ამ უტიფრობამდე მისული ნაძირლების წინააღმდეგ, რომლებსაც მორალური აღარაფერი დარჩათ
სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც უნდა იყოს და გააკეთებს იმას, რასაც მისგან საქართველო ელოდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ქართული საზოგადოება, ქართული მორალი, ღირსება და მართლმადიდებლური ღირებულებები უბრალოდ ვეღარ გაუძლებს ვაშაძისა და ნაციონალების გამარჯვებას, მიშას დაბრუნებას, მისი რეჟიმის რეანიმაციას და საქართველოზე იმ ძალადობრივი ტალღის კიდევ ერთხელ გადავლას. დღეს ამას ქართველი ამომრჩეველი უნდა აღუდგეს წინ. მას კანდიდატი სჭირდება, რომელთან ერთადაც ამას გააკეთებს და ამიტომ გამორიცხული იყო, სალომე ზურაბიშვილს ახლა საქართველოსთვის ეღალატა. ის არც ერთ შემთხვევაში არ გაივლებდა თავში, რომ ამ მარათონს ჩამოშორებოდა“, – განაცხადა ფოფხაძემ.
ამ განცხადებით გედევან ფოფხაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, განიხილებოდა თუ არა იმის ალბათობა, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს კანდიდატურა მართლაც მოეხსნა.
გედავან ფოფხაძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს ეძახდნენ, საკუთარი თავი დააჯერეს, რომ ის მოღალატეა და შეუძლია, ამ ვითარებაში ხალხს უღალატოს.
მისი თქმით, საქართველოში ნაცისტური რეჟიმის რეანიმაცია-რეაბილიტაციის რევანშისტული მცდელობა ქართულმა საზოგადოებამ, ყველამ ერთად, კარგად მობილიზებით, ორგანიზებითა და ერთიანობით უნდა დავამთავროთ.
„ჩვენ ერთად უნდა დავირაზმოთ ძალადობის, ფაშიზმის, ამ უტიფრობამდე მისული ნაძირლების წინააღმდეგ, რომლებსაც მორალური აღარაფერი დარჩათ. მათ ჰგონიათ, ყველაფერი გაუვათ, ნებისმიერი ტყუილი, ცილისწამება და თავიანთი რევანშისტული მიზნების მიღწევას შეძლებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამის რესურსი გვაქვს ქართულ საზოგადოებასთან, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში გვიბრძოლია და ჩვენს სათქმელს ვიტყვით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძე.