გედევან ფოფხაძე - სასულიერო პირებისგან უნდა ველოდებოდეთ ზომიერებას, თავმდაბლობას, მედიატორული როლის შესრულებას, ყველა სხვა ფაქტორი გვერდზე უნდა იყოს გაწეული
კონკორდატიც და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ეკლესიის ისტორიული როლიც გვავალდებულებს, რომ ყველა ძალიან ფრთხილი ვიყოთ იმ საკითხის შეფასებასთან დაკავშირებით, რაც მართლმადიდებელ ეკლესიას ეხება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა სინოდის დღევანდელ სხდომასთან და პეტრე ცაავას განცხადებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს საქართველოს სახელმწიფოს ფორმირებაში ეკლესიის როლი.
„გრიგოლ ხანძთელის გარეშე ჩვენ ერთიანი სახელმწიფო არ გვექნებოდა და გიორგი ჭყონდიდელის გარეშე ჩვენ ძლიერი ქართული სახელმწიფო არ გვექნებოდა. ამიტომ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ, იმის პოლიტიკურ შეფასებებში, როცა სინოდი გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენი მხრიდან ყველაზე სწორია, რომ დეტალებში არ შევიდეთ და ეს მივიღოთ როგორც არსებული მოცემულობა. ეკლესია სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელია, მაგრამ მისი როლი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში და სახელმწიფოს ძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს როლი არც ერთ შემთხვევაში და არც ერთ ეტაპზე არ უნდა დაგვავიწყდეს. გადაწყვეტილებები, რაც სინოდმა მიიღო, თავისი გადაწყვეტილებებია და ეს ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკოსებმაც და მრევლმაც მშვიდად, ადეკვატურად და ამაში დამატებითი დეტალები და ნიუანსები არ უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.
კითხვაზე უკვე ყოფილი მღვდელთმთავრის, პეტრე ცაავას, დღევანდელი განცხადებები ეკლესიის იმიჯს აზარალებს თუ არა, დეპუტატი ამბობს, რომ არავის განიკითხავს და არავისთან აპირებს პოლემიკაში შესვლას.
„მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს დედა ეკლესიას და უნდა გვესმოდეს, რომ ყველას გვაქვს ვალდებულება, ვიყოთ ძალიან ფრთხილი და ძალიან ზომიერი შეფასებებში. მგონია, ამ შემთხვევაში, სასულიერო პირებისგან ეს მაღალი სტანდარტი ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო უპრიანია, რადგან მათ კიდევ განსაკუთრებული სულიერი მისია აკისრიათ. თუ მრევლი არ იქნება ერთიანი, ვერც საზოგადოება ვერ იქნება ერთიანი. მთლიანად, ჩვენს სეკულარულ სახელმწიფოში საქართველოს ყველა მოქალაქის ერთიანობა უნდა იყოს ამ ქვეყნის ძლიერების გარანტი. ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ საზოგადოება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიყვანოთ, არამედ რა იქნება ერის და მთლიანად ქართული საზოგადოების ერთიანობის წინაპირობა. რაღაც სკანდალური განცხადებები, რომ ვერ იქნება წინაპირობა, ამას ყველა ვხვდებით. ამიტომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ამასთან, დეპუტატი ეკლესიაში მიმდინარე პროცესების საჯარო პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებს. ამასთან, ამბობს, რომ სასულიერო პირებისგან საზოგადოება ელოდება ზომიერებას, მედიატორული როლის შესრულებას.
„ვფიქრობ, სასულიერო წრეს ძალიან დიდი სულიერი მისია აქვს ქვეყნის ცხოვრებაში, ამიტომ პოლიტიკური განცხადებების სივრცე თავად მათ, თავისთვის მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ, თუ რაღაც ძალიან აშკარად გამოხატული ანტისახალხო და ანტიეროვნული არ ხდება. როცა მარიხუანას თემაზე ეკლესია გააქტიურდა და მარიხუანას კულტივაციას მკვეთრი ნეგატიური პოზიცია დაუპირისპირა, ეს სწორი იყო. ეკლესიამ ამ შემთხვევაში ძალიან პოზიტიური როლი ითამაშა. ცალკეული პოლიტიკური პროცესების პოლიტიკური შეფასება კი ზიანს მიაყენებს თვითონ ეკლესიის სულიერ დანიშნულებას. ამიტომ სასულიერო პირებისგან, რომლებსაც ნამდვილად არ განვიკითხავ, ჩვენ უნდა ველოდებოდეთ ზომიერებას, თავმდაბლობას, მედიატორული როლის შესრულებას და საზოგადოებაში იმ სიმშვიდის და მაღალი სულიერი ღირებულებების დამკვიდრების მხრივ მუშაობას, რომელიც ეკლესიის მისიაა. ყველა სხვა ფაქტორი უნდა იყოს გვერდზე გაწეული. ამას არ უნდა შეეწყოს ხელი ცალკეული სასულიერო პირები თუ პოლიტიკური განცხადებებით გამოვლენ.
რაღაცნაირად უნდა შევთანხმდეთ, თუ გვინდა, სამშობლოს ყველა ვემსახუროთ, ერიც და ბერიც ძლიერი სახელმწიფოს იდეით ვიყოთ გაერთიანებული, ამისთვის საჭიროა კონცენტრირებული ვიყოთ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც ხალხის წინაშე გვაქვს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“. ამასთან, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.