გედევან ფოფხაძე - დღეს ემოციები ვერ შევიკავე, ვიყავი ჩემთვის უჩვეულო ემოციურ ტალღაზე
მე დღეს ემოციები ვერ შევიკავე და ვიყავი ჩემთვის უჩვეულო ემოციურ ტალღაზე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც გედევან ფოფხაძემ განაცხადა, დიდი ფარისევლობაა „ქართული ოცნების“ მხრიდან ლაპარაკი ეკლესიის დაცვაზე.
„ამ პოლიტიკურმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეკლესია ყოფილიყო დარტყმის ქვეშ, პატრიარქის ავტორიტეტი შელახულიყო. ფარისევლობა იყო მათი მხრიდან ნიანგის ცრემლების ღვრა და პატრიარქის ვითომ დაცვა, თუმცა თუ ისინი გულწრფელები არიან, მეეჭვება, მაგრამ ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ტაქტიკა, რაც მათ აირჩიეს, რომ ჩვენ აგრესიულად გავლანძღავთ „ნაციონალებს“ და „ნაციონალების“ ფონზე გამოვჩნდებით კარგები, მაშინ, როცა ქვეყანაში არის საშინელი კრიზისული მდგომარეობა, ამ დღის წესრიგით ცხოვრება არის სამშობლოს ღალატი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტის სხდომაზე დღეს დეპუტატებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მათ შორის, დაპირისპირება მოხდა დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძესა და საპარლამენტოს უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილს შორის.